შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი 12 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ოფისში მიმდინარეობს. მესამე სექტორის წარმომადგენლებს ე.წ. კოკაინის საქმის და შეწყალების საქმის დეტალები აინტერესებთ. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, არ აპირებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჩვენების ფრაგმენტებზე ისაუბროს.
შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მას აქვს ოთხი ძირითადი მოთხოვნა. როგორც ელისაშვილი ამბობს, ეკა ბესელიამ უნდა დატოვოს საპროკურორო საბჭო და მანანა კობახიძე გათავისუფლებული იყოს ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან. ასევე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ითხოვს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის გიორგი გოგაძის თანამდებობიდან წასვლას და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას.
შეწყალების საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს მესამე სექტორიც.
„ჩვენ კითხვებს ვსვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონ ეკა ბესელიას შესაძლოა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი, რადგან ის საპროკურორო საბჭოს წევრია, რომელსაც ექვემდებარება მთავარი პროკურორი“, - განაცხადა „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
შეხვედრა არასამთავრობოებსა და ელისაშვილს შორის ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრის ინიციატორი მესამე სექტორის წარმომადგენლები არიან.
მასალის გამოყენების პირობები






