ფაქტებით გადაფარული სტატისტიკა-კრიმინალური ქრონიკა გურიაში
პოლიტიკა - 16:27, 24 Dec, 2015     2649
“გურიის მოამბემ” მიმდინარე წლის აპრილის თვეში, რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში მომხდარი დანაშაულებების შესახებ გასული 6 თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა (2014 ნოემბერი-2015 აპრილი).

აპრილიდან მოყოლებული დღემდე გურიაში ჩადენილი დანაშაულებების რიცხვი რომ გაზრდილია, ამას მკვლელობის, ყაჩაღობის, ქურდობის, ძარცვის ფაქტებზე ჩვენს მიერ გავრცელებული და ოფიციალურ კომენტარებში შ.ს.ს-ს პრესსამსახურის მიერ დადასტურებული ინფორმაციებიც მოწმობს.

ის, რომ კრიმინოგენული მდგომარეობა გურიაშიც ისეთივე მძიმეა, როგორც მთლიანად ქვეყანაში, ამას ჩვენს მიერ ბოლო 6 თვეში გაშუქებული ფაქტებიც ადასტურებს. მივყვეთ თანმიმდევრობას მაისის თვიდან:

07 მაისი- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ესე ს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის სახელით მოქალაქეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 402 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 3000 ლარი. გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

16 მაისი-სოფელ ოზურგეთიში ერთ დღეში რამდენიმე საფლავი დააზიანეს. წითელი საღებავებით მოსვრილი მიცვალებლთა ფოტოები, მონგრეული საფლავები, გადატეხილი ჯვრები და მარმარილოს ქვები, დამტვრეული ლარნაკები და ყვავილები-ასეთი სიტუაცია დახვდათ სოფელ ოზურგეთის სასაფლაოზე მისულ ადგილობრივებს. 'ადგილზე 15-მდე პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდა, მუშაობდნენ ექსპერტები. „გურიის მოამბეს" შსს პრესცენტრიდან აცნობეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის 1 ნაწილით (მიცვალებულისადმი უპატივცემულობა; 1 ნაწილი - ცხედრის ან საფლავის წაბილწვა, აგრეთვესაფლავის ძეგლის ან მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა ან დაზიანება).

19 მაისი-ქურდობების სერია ძიმითში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ზედიზედ 4 ქურდობა მოხდა - ოთხვე გასული კვირის მიწურულს.

როგორც "გურიის მოამბეს" ძიმითიდან აცნობეს, პირველად გაიქურდა სოფელის ცენტრში არსებული "ლელა ხინიკაძის მაღაზია", იმ ღამესვე "ლიბერთი ბანკის" "ფეი ცენტრი" და კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება, მეორე დღეს, სოფელში მცხოვრები გენო სალუქვაძის და ადგილობრივი კბილაშვილის სახლების ქურდობა მოხდა. შსს მხოლოდ კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების გაქურდვის ფაქტი დაადასტურა:

"დანარჩენენ ქურდობებს სოფელ ძიმითში ადგილი არ ჰქონია-ყოველ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროში, ან 112 - ში ამის შესახებ შეტყობინება არ შემოსულა»

როგორც "გურიის მოამბეს" განუცხადეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 177 მუხლით, ქურდობა-და მიმდინარეობს გამოძიება.

მეორე დღეს დაბა ნასაკირალის მოსახლეობამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მოხდა საქონლის ქურდობის რამდენიმე ფაქტი. მათ არ მიუმართავთ პოლიციისთვის, ამიტომაც არ გვაქვს ოფიციალური ინფორმაცია მსგავს ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი დაბაში.

22 მაისი -თავდასხმა სოფელ კონჭკათში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, გამოძიებისათვის ჯერ ჯერობით დაუდგენელი პირები, ამავე სოფლის მცხოვრებს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შსს პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 18 საათზე მოხდა, დაზარალებულს თავს რამდენიმე შეუიარაღებელი პირი დაესხა და მიაყენა, სავარაუდოდ, მსუბუქი დაზიანება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 118 მუხლის პირველი ნაწილით. მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (28.04.2006. N2937)

24 მაისი- ქურდობა ოზურგეთში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში სავაჭრო ჯიხური გაქურდეს. წაღებულია ნავაჭრი თანხა, სურსათი. როგორც "გურიის მოამბეს" შსს პრეს სამსახურიდან აცნობეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 177 მუხლით.

2 ივნისი-ლანჩხუთში შს სამინისტრომ 4 გრ ჰეროინი ამოიღო

1979 წელს დაბადებული კახაბერ მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 1 შეკვრად დაფასოებული, ჰეროინის შემცველი 4,0754 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

3 ივნისი-ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურეობრივ ავტომანქანას მართავდა, გაჩერებულ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. როგორც "გურიის მოამბეს" შსს პრეს სამსახურიდან გვაცნობეს, შემთხვევას დაზიანებები არ მოჰყოლია, ავტომობილს აქვს მცირეოდენი განაკაწრი-მომხდარის გამო კი ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე ადმინისტრაციულად დაჯარიმდება.

8 ივნისი-ჩოხატაურში საჩუქრების მაღაზია გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით ძნელაძეების მაღაზიიდან წაღებულია თანხა და სხვადასხვა ნივთები, თუმცა კონკრეტულად რა გაიტანეს, ჯერ-ჯერობით უცნობია. შსს პრესსამახურმა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი უკვე დააკავა, გამოძიება კი სსკ 117 მუხლით 3-მე ნაწილით მიმდინარეობს.

5 ივნისი-ჩოხატაურში 42 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს.ჩოხატაურში, სავაჭრო ცენტრ 'მარულას" მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დანით დაჭრეს.

შ.ს.ს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.

10 ივნისი-შსს-მ ჩოხატაურში მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა.შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები, 1985 წელს დაბადებული გიორგი ლ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5 ივნისს, დაბა ჩოხატაურის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მიზნით, ურთიერთშელაპარაკებისას 1968 წელს დაბადებულ ზურაბ უ-ს გულ-მკერდისა და მუცლის არეში ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).

3 ივნისი- "პოლიციელებს მექორწილეები "ნაციონალები" ეგონათ და სასტიკად სცემეს". შემთხვევა რესტორან „თამარიონში“ მოხდა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, მოსამართლე მარინა კიკნაძე, პოლიციის მიერ მოქალაქე ბექა თავდიშვილის დაკავება, უკანონოდ ცნო და არცერთ კომპონენტში პოლიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პოლიცია, მიმდინარე წლის 24 მაისს, ქალაქ ოზურგეთში, რესტორან „თამარიონთან“ დაკავებულ ბექა თავდიშვილს, ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში სდებდა ბრალს. საქმე აღძრული იყო საქართველოს ადმინისტრაციული კანონის 166 და 173 მუხლებით.

16 ივნისი-ოზურგეთში კიდევ ერთი მომსახურეობის ცენტრი გაქურდეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, მომსახურეობის ცენტრი, გამოძიებისათვის დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს. წაღებულია 170 ლარი, ადგილზე იმყოფება კრიმინალური პოლიცია. როგორც „გურიის მოამბეს“ შსს პრესცენტრში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს 177-ე მუხლით.

18 ივლისი- შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დაბა ნასაკირალიდან შოთა ართმელაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბა ნასაკირალის ადმინისტრაციულ ერთეულში - ტარიელ ანთაძე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა დაბა ნასაკირალის ტერიტორიაზე მდებარე უმოქმედო სკოლის შენობის სათანადო ნებართვისა და პროცედურების გავლის გარეშე ერთწლიან სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ, თურქეთის და საქართველოს მოქალაქეებს ქრთამის სახით 2000 აშშ დოლარი და 1000 ლარი გამოართვეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

31 ივლისი-ოზურგეთში პოლიციის მანქანა ტაქსს დაეჯახა. პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომობილი გაჩერებულ ტაქსის მანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ტაქსის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. როგორც შსს პრესცენტრიდან გვაცნობეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს.

1 აგვისტო-ოზურგეთში პოლიციამ ავტომობილის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლებმა, მსუბუქი ავტომანქანის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი, დღეს დილით, დაახლოებით 7 საათზე, ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, სასტუმრო "გურიას" წინ დააკავეს. პოლიციამ ქურდი ადგილზე, მანქანაში მაშინ დააკავა, როცა ის, მის გატაცებას ცდილობდა. შ.ს ს პრესსამსახურის ცნობით, საქმე სსკ 177 მუხლითაა აღძრული.

1 აგვისტო-გრიგოლეთში დამსვენებლები გაქურდეს. თბილისელი დამსვენებლები, ლენკა ყიფშიძე და თაკო ბუღაძე, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ამ დღეებში გაქურდეს."სამი "აიფონი", ორი "აიპადი", ფოტოაპარატი "ქენონის","დოლჩე გაბანას" საათი, სათვალეების კოლექცია, "ფლეშკა" თავისი გადამყვანით, სუნამოები. ყველაფერი წაიღეს-გვიყვება ერთ ერთი დაზარალებული, თაკო ბუღაძე.აღძრულია სსკ 177 მუხლით-ქურდობა-საქმეს იძიებს შსს ლანჩხუთის სამმართველო.

18 აგვისტო-ჩოხატაურში ცოლმა ქმარი დაჭრა. როგორც, „გურიის მოამბეს“ შსს პრესცენტრიდან აცნობეს, მომხდართად დაკავშირებით გამოძიება 117 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

18 აგვისტო-ოზურგეთში ქურდობა მოხდა. შემთხვევა ოზურგეთში აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტოარიაზე მოხდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მცხოვრებ, ვლადიმერე სოლცკს ჯიბიდან საფულე ამოაცალეს, რომელშიც 190 ლარი და პასპორტი იდო.

31 აგვისტო-ნატანებში "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებლის ავტომანქანა დაწვეს.ვასილ გობრონიძის კუთვნილი ავტომანქანა, ვაზ-21-21 ნივა წუხელ, გამოძიებისათვის დაუდგენელმა პირებმა დაწვეს. შსს-ს პრეს სამსახურის ინფორმაციით, აღძრულია საქმე და გამოძიება მიმდინარეობს ს.ს. კ. 187 მუხლის მეორე ნაწილით.

31 აგვისტო - ქურდობების სერია სოფელ შრომაში-ერთ ერთ ადგილობრივს 14 ტომარა თხილი მოპარეს-როგორც ადგილობრივებმა "გურიის მოამბეს" აცნობეს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სოფელში, ადგილობრივი გლეხების გაქურდვის 10-მდე ფაქტი დაფიქსირდა. შსს პრეს სამსახურის ინფორმაციით, გია ხომერიკის სახლიდან, 14 ტომარა თხილის მოპარვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თხილის მოპარვის სხვა ფაქტები არ დასტურდება.

18 სექტემბერი-შსს-მ ოზურგეთში ქურდობის ფაქტი გახსნა. 1994 წელს დაბადებული ირაკლი ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, თანასოფლელი მელქის ს-ს ღია აივნიდან ტომრებში დაფასოებული 40 კგ თხილი მოიპარა, ოზურგეთში თხილის ჩამბარებელ პუნქტში 170 ლარად ჩააბარა და მიმალვა სცადა. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

21 სექტემბერი-შსს-მ ლანჩხუთში 1 კილოზე მეტი კანაფი ამოიღო. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას, 6 ძირი კანაფი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1 კილოს და 302,01 გრამს იწონის. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

23 სექტემბერი-შსს-მ ოზურგეთში უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღო. 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბადრი მ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 მუხლით).

ლანჩხუთში ორი შვილის დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 32 წლის ნ.ა. მეუღლემ საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინა. შემთხვევა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე 115 – ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

24 სექტემბერი-გუბერნიის შენობის წინ 26 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. მას რამდენიმე უცნობი პირი თავს ფულის გამოძალვის მიზნით დაესხნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან გვაცნობეს, მომხდარზე გამოძიება 118 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

25 სექტემბერი-გასროლა ჰაერში - ოზურგეთის პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. შსს-ს მტკიცებით ოზურგეთში სამართალდამცველს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1980 წელს დაბადებული დავით ბ, 1983 წელს დაბადებული ჯაბა ლ. და 1979 წელს დაბადებული დავით მ. ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ფაქტზე დააკავეს. ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე, პოლიციის ავტომანქანას ქვეითად მოძრავმა სამმა პირმა გზა გადაუჭრა და მოძრაობის საშუალება არ მისცა. ავტომანქანიდან გადმოსულმა სამართალდამცველმა ბრალდებულებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. დავით ბ-მ, ჯაბა ლ-მ და დავით მ-მ სამართალდამცველს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციელმა თავდაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინციდენტში მონაწილე სამივე პირი ადგილზე დააკავეს. გამოძიება ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

12 ოტქომბერი-სასულიერო გიმნაზიაში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც "გურიის მოამბეს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, სისხლის სამართლის საქმე 125- მუხლით-ცემა არის აღძრული. ინფორმაციისთვის, საქმე გასული წლის თებერვალში მომხდარ ფაქტს ეხება, როცა სამრევლო სკოლის პედაგოგმა, მამა ვახტანგ თოხაძემ მეცხრეკლასელი ბიჭი თავის თანასკალელს ჯგუფის თვალწინ აცემინა.

14 ოქტომბერი-ძარცვა ოზურგეთში, 85 წლის მოხუცს თავში სანადირო თოფი ჩაარტყეს და თხილის მთელი მოსავალი გასტაცეს. როგორც "გურიის მოამბეს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178–ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მიზნით ბინაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ თვის განმავლობაში ეს, თხილის ქურდობის მეექვსე შემთხვევა იყო.

27 ოქტომბერი-თავდასხმა ოზურგეთში- ერთი დაჭრილი და რამდენიმე დაშავებული.შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან მოხდა. როგორც შსს-ს პრესსამსახურში გვეუბნებიან, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება სსკ 117 მუხლით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.

იმავე დღეებში, სამივე მუნიციპალიტეტში დაარბიეს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ოფისები, როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, მასში მონაწილეობდნენ „ოცნების“ აქტივისტები, ადგილზე იმყოფებოდნენ საჯარო მოხელეები. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. იყო შეურაცხყოფები მედიის მისამართითაც.

1 ნოემბერი-ოზურგეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაიტაცეს. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები. საქმე აღძრულია სსკ 177-ე მუხლით, ქურდობა. ოქტომბერ-ნოემბრის თვეში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატაცების სულ სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთის გატაცებაში, საეკლესიო პირი და მღვდლის შვილი ფიგურირებენ.

14 ნოემბერი-ოზურგეთში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით)-გვითხრეს პრესსამსახურში.

20 ნოემბერი-"ქართული ოცნების" ოფისთან მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში, ვ. დოლიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, 1965 წელს დაბადებული ალექსანდრე ა. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).

21 ნოემბერი-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცხემლისხიდის თემის სოფელ უჩხუბში, ბოლო დღეებში თხილის ქურდობისა და ძარცვის, ასევე ყაჩაღობის მცდელობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.როგორც "გურიის მოამბეს" უჩხუბში მცხოვრებმა ნაზი ვაშაყმაძემ განუცხადა, მას, გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პიურებმა 130 კილოგრამი თხილი, ღამით მოპარეს.როგორც შსს პრესსამსახური გვატყობინებს ვაშაყმაძის ქურდობის ფაქტზე აღძრულია სსს 177 მუხლით და მიმდინარეობს გამოძიება.

28 ნოემბერი-ჩოხატაურში საკრებულოს თავმჯდომარე დააყაჩაღეს და სცემეს. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის. მიმდინარეობს გამოძიება. მომხდარზე ყაჩაღობის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

1 დეკემბერი-სუს-მა "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა, აქედან სამი დაბა ნასაკირალში მცხოვრებია.

8 დეკემბერი-ოზურგეთში სკოლის მოსწავლე დაჭრეს. ოზურგეთის #2-ე საჯარო სკოლაში მეათეკლასელი მოსწავლე დაჭრეს. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.

9 დეკემბერი-მორიგი ქურდობა ოზურგეთში-ქურდებმა თხილს არაყიც გააყოლეს. როგორც შსს პრეს სამსახურიდან "გურიის მოამბეს" აცნობეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება, 177 მუხლით-ქურდობა- მიმდინარეობს.

12 დეკემბერი-ნატანების აქციაზე რწმუნებული და გაზიფიცირების სამუშაოების მწარმოებელი, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი სცემეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

17 დეკემბერი-ოზურგეთში ძველი სავარჯიშო გირების მასიური ქურდობებია. როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, მიმდინარე თვის დასაწყისიდან, ქ. ოზურგეთში არსებული რამდენიმე სპორტული დაწესებულებებიდან სავარჯიშო გირები მოიპარეს. 4 ცალი სავარჯიშო გირა მხოლოდ სარაგბო კლუბ არწივების ოფისიდან მოიპარეს. შ.ს.ს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარ ქურდობების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება 177 მუხლით-ქურდობა.

გარდა ამისა, ბოლო 6 თვის განმავლობაში სამივე მუნიციპალიტეტში მომხდარი რამდენიმე საგზაო შემთხვევისას დაღუპულია 10-მდე ადამიანი. მათ შორის სამი მცირეწლოვანი. ხანძრის შედეგად კი დაღუპულია ორი.

გრძნობს თუ არა თავს დაცულად მოსახლეობა, ამის გასარკვევად "გურიის მოამბემ" ვებგვერდზე გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა რომ, გამოკითხულთა 63.8% თავს დაცულად ვერ გრძნობს. ხმების რაოდენობა - 251.

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42