"საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძვნებელი პაატა ბურჭულაძე საქართველოში ბავშვების მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს.
მისი თქმით, გაეროს ბავშვთა ფონდის სტატისტიკით, საქართველოში ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 1000 ბავშვი იღუპება და აქედან 300 კვების დეფიციტის გამო.
„2010 წლიდან მე გახლავართ იუნისეფის კეთილი ნების ელჩი. გარდა ამისა, ბავშვებთან ვმუშაობ ფონდ „იავნანაშიც“, ამიტომ ჩემთვის კარგად არის ცნობილი, როგორია ბავშვების ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში. პირადად ვყოფილვარ საქართველოს სოფლების, რაიონებისა და ქალაქების არაერთ ოჯახში, სადაც ბავშვმა ტკბილეულის გემო არ იცის. ვყოფილვარ ოჯახებში, სადაც ბავშვების ერთადერთი საკვები პურია. ასეთი ოჯახი საქართველოში უამრავია. ყველანი შეგვძრა აბაშიძეების ოჯახის ტრაგედიამ, როცა ერთი წლის გოგიტა შიმშილით დაიღუპა. გაეროს ბავშვთა ფონდის სტატისტიკით, ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 1000 ბავშვი იღუპება. აქედან 300 კვების დეფიციტის გამო. 2015 წლის დეკემბერია და გვიმეორებენ, რომ ყველაფერი რიგზეა“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
"საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძვნებელმა პაატა ბურჭულაძემ დღეს სასტუმრო "რედისონში" საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას ფონდის ხედვები და მიზნები გააცნო.
მასალის გამოყენების პირობები






