ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ მან ისევე როგორც უმრავლესობის ზოგიერთმა ლიდერმა ჯერ კიდევ ოქტომბერში იცოდნენ, რომ მთავრობაში ცვლილებები იგეგმებოდა.
არეშიძის განცხადებით, ის ინფორმირებული იყო ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებითაც, თუმცა ექსპერტისთვის უცნობია, რატომ გადაწყდა ამის გახმოვანება 23 დეკემბერს.
„ბევრმა ჩემმა კოლეგამ და მათ შორის მეც, ჯერ კიდევ ოქტომბერში ვიწინასწარმეტყველეთ, რომ არჩევნების წინ ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლებოდა. თუნდაც იმიტომ, რომ ხელისუფლებას მისი დაბალი რეიტინგი გამოესწორებინა. ეს არის ერთგვარი პიარსვლა. ის, რომ უმრავლესობა ამ გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა, ტყუილია. სულ მცირე, 5 კაცი მე ვიცი, რომლებმაც ამის შესახებ იცოდნენ, თუმცა გთხოვთ მათ ნუ ჩამომათვლევინებთ“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას არეშიძემ.
რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი კვირიკაშვილის გაპრემიერებასთან დაკავშირებით არეშიძე მიესალმება.
„ვფიქრობ, კვირიკაშვილი არის ყველაზე კარგი კანდიდატურა. მას აქვს მრავალმხირივი გამოცდილება., მედიაში გავრცელებული ოთხეულიდან უპირატესობა კვირიკაშვილისკენაა, მიუხედავად იმისა, რომ სერგეენკო საუკეთესო მენეჯერად ითვლება. მან გრანდიოზული პროექტი განახორციელა. თუმცა გამოცდილების გათვალისწინებით კვირიკაშილს დიდი შანსი აქვს“, - განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. ამის შემდეგ მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს უფლებამოსილება შეუწყდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თანახმად პრემიერის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი დაკავებს.
მასალის გამოყენების პირობები






