პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდგომი პროცედურები განმარტა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები ქვეყნის მართვას ახალი მთავრობის ფორმირებამდე გააგრძელებენ
„პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდგომ მთავრობა გადამგდარად ითვლება. თუმცა ამასთანავე კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს ავალებს, რომ მან მოვალეობის შესრულება დააკისროს ამავე მთავრობას და ამავე პრემიერს. ცოტა ხანში იქნება პრეზიდენტის აქტი ამის თაობაზე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები გააგრძელებენ ქვეყნის მართვას. მათ ჰქონდათ და აქვთ საქართველოს პარლამენტის ნდობა და ექნებათ მანამ, ვიდრე საქართველოს პარლამენტი ახალ მთავრობას არ შექმნის“, - აღნიშნა უსუფაშილმა.
რაც შეეხება პროცედურებს, უსუფაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა დაასახელოს და პრეზიდენტს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარუდგინოს.
„კოალიციური უმრავლესობა, რომელიც ერთიანი და ურღვევია და ასეთად დარჩება ამ პროცესში. ალბათ, პარასკევს, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და გადაწყვეტილებას მივიღებთ. დღეს და ხვალ ჩვენ პარლამენტში ვიმყოფებით და საკანონმდებლო საქმიანობით ვართ დაკავებულები“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






