„ვოისის“ კონკურსანტმა, პატიმარმა თეონა ყოლბაიამ, რომელიც ანრის გუნდის წევრი იყო, გუშინ პროექტი დატოვა. მართალია „ვოისს“ დაემშვიდობა, თუმცა პროექტიდან ყველასთვის მოულოდნელად სახლში წავიდა. სასჯელაღსრულების მინისტრმა, კახა კახიშვილმა თეონა პირდაპირ ეთერში პატიმრობიდან გაათავისუფლა. შოუ შედგა, თუმცა ემოციასთან ერთად ამ ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვია და სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა. ერთ-ერთმა პირველი ეს ფაქტი ბლოგერმა, გურამ შეროზიამ გააპროტესტა: „გასაგებია და კარგია, თეონა ყოლბაიას გათავისუფლება, ეს მასობრივი პოზიტივიც, მაგრამ რა დააშავეს იმ პატიმრებმა, რომლებიც სანახაობას არ/ვერ ქმნიან?
პური და სანახაობა + შერჩევითი სამართალი = ბედკრულ ღრუზიას.
შეგახსენებთ: სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდიდა, ხოლო „ნემსის ქურდები" ისევ ციხეში რჩებიან...“
შეროზიას პოსტს უამრავი კომენტარი მოჰყვა. ერთი მხარე ამტკიცებდა, რომ თეონას, სასჯელის მოხდამდე სულ რაღაც ორ თვემდე ჰქონდა დარჩენილი და ის, რომ პატიმარი „ვოისის“ პირდაპირ ეთერში გაანთავისუფლეს, ამაში ცუდი არაფერია. აი მეორე მხარემ გაცილებით მძაფრად აღიქვა და გადაწყვეტილება გააპროტესტა. აქტიურად მიმოიხილებოდა ის ვიდეოც, რომელიც 2012 წლის 5 მაისს, ყაჩაღობაში ბრალდებული თეონა ყოლბაიას და მისი თანამზრახველის, თეიმურაზ ბააცაშვილის დაკავების კადრებს ასახავს.
„ვოისის“ მონაწილის გათავისუფლების ამბავი არც ჩცდ-ს სცენარისტს, ქეთი დევდარიანს დარჩენია ყურადღების მიღმა და საკუთარი აზრი სოციალურ ქსელში დააფიქსირა.
„თუ რამის დაყაჩაღებას დააპირებთ, პარალელურად ვოკალზეც იარეთ.
დახუჭული თვალებით პატრიარქის დაწერილი საგალობლების მღერა, მანანა-არჩილი, ეკა ლენგვიჯფაკერი და ასოვანი ტოლერანტობა - გზა თავისუფლებისკენ.“ სტატუსის ავტორი კომენტარებში, ერთ-ერთ კომენტარს პასუხობს: „შეიძლება მოინანია, შეიძლება გამოსწორდა, შეიძლება გაისად ამ დროს ვიღაც სიკვდილს გადაარჩინოს. მაგრამ, ვინც არ მღერის, რა ქნას?!“
მასალის გამოყენების პირობები






