საპარლამენტო უმცირესობაში რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივებას ეხება.
როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტავენ, რუსეთის ხელისუფლება არაპროგნოზირებადია და შესაძლოა ეს ნაბიჯი „ევროპის ჯინაზე“ იყოს გაკეთებული.
„ეს არის ერთი კაცის ბუნება-განწყობაზე დამოკიდებული, დღეს ესე უნდა რომ მოიქცეს ევროპის ჯინაზე და გახსნის საზღვრებს, ხვალ სხვა ამოცანები ექნება და ისევ დაგიკეტავს საზღვრებს. ეს არაპროგნოზირებადია, ზუსტად ისევე, როგორც რუსეთის მიერ ქართული პროდუქციისთვის თავის ბაზრის გახსნა. ჩვენ ეს გაკვეთილი უკვე მერამდენედ მივიღეთ“, - ამბობს ენმ-ს წევრი პეტრე ცისკარიშვილი.
ანალოგიური მოსაზრება აქვთ „თავისუფალ დემოკრატებში“. როგორც ნინო გოგუაძე ამბობს, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის სტაბილურობად შენარჩუნება მისი ქმედებების ფონზე საეჭვოა.
„რუსეთი ლაპარაკობს ვიზების გაუქმებაზე და ამასთანავე „ისკანდერებს“ დგამს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რამდენად სტაბილურია რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, ეს ცხადია“, - აცხადებს გოგუაძე.
რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტიილებას პოზიტიურს უწოდებს „ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე. თუმცა აქვე განმარტავს, რომ ეს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დალაგებას არ ნიშნავს, რადგან რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
„თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, რომ რუსეთში წავიდნენ ვიზის გარეშე, ეს პოზიტიურია ცალსახად. ჩვენ ვერ გადავიქცევით საბჭოთა კავშირად და ვერ ჩავკეტავთ საზღვრებს. ეს ბევრ ქართველს გაუმარტივებს ცხოვრებას. ამის პარალელურად არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ნორმალურია. ჩვენ პრობლემა გვექნება რუსეთთან, მანამ სანამ გვექნება ოკუპირებული ტერიტორიები“, - აცხადებს ჯაფარიძე.
მასალის გამოყენების პირობები






