საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტსა და საქველმოქმედო კომპანია „ქართული თემის განვითარების პროგრამებს“ (ნიუ-ჯერსი, აშშ) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.
მემორანდუმის მიზანია, საფუძველი ჩაეყაროს ბოტანიკის სფეროში სამმხრივი ურთიერთსასარგებლო კვლევითი და გამოყენებითი პროგრამების დანერგვასა და განვითარებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ, ილიას სახელობის უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორმა შალვა სიხარულიძემ და ორგანიზაცია “კვალის” პრეზიდენტმა შოთა ვაშაკიძემ. მემორანდუმის ხელმოწერას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი ესწრებოდნენ. ხელმოწერა ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრში გაიმართა.
მემორანდუმის პირობები ითვალისწინებს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ჩართულობას კვლევით და სასწავლო პროგრამებში, მათ მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში და სემინარებში; ბოტანიკის სფეროში კვლევების მიღწევების პრაქტიკულ დანერგვას; ასევე ბოტანიკურ ბაღში, სანერგე მეურნეობის ბაზაზე საცდელ-ექსპერიმენტული სამუშაოების წარმართვას; ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში არსებული რესურსების გამოყენებას ერთობლივი პროექტებისთვის საჭირო დამხმარე ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარებაში.
მასალის გამოყენების პირობები






