პარტიაში მიაჩნიათ, რომ აქამდე გახორციელებული არც ერთი რეფორმა წარმატებული არ ყოფილა, რადგან არც ერთ კომპონენტში არ იყო განხილული კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმების ამოქმედება, რამაც რეფორმატორების თქმით, ბიზნეს სექტორი სავალალო შედეგებამდე მიიყვანა. ღლონტი აღნიშნავს, რომ სასამართლო პოლიტიკური ანგარისწორების იარაღად იქცა და ის მაგალითად ინვესტორ არჩილ ვეკუას წინააღმდეგ მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს, რის საფუძველზეც ქართველი ინვესტორი იძულებული გახადეს ქვეყანა დაეტოვებინა.
„რეფორმატორების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ვანო ჩხარტიშვილისა და მოსამართლე სალაკაძეს შორის სავარაუდო კორუფციულ კავშირზე ისაუბრა. ირაკლი ღლონტი აცხადებს, რომ გახმაურებული საქმის შესწავლის შემდეგ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსამართლე არ ერიდება საქართველოს კანონმდებლობის უხეშ ხელყოფას და მხარეების მხრიდან მარტივად ხორციელდება კორუფციული სქემების მონტაჟი. საქმის მასალებზე დაყრდნობით, პარტია „რეფორმატორები“ საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს პროკურატურის პოზიცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან პარტია უწყებაში შესული საჩივრის შესახებ საჯარო მიმართვის გაკეთებას ითხოვს.
“საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ყველა საქმე, რომელიც უკავშირდება ბატონ ჩხარტიშვილს ყველგან ფიგურირებს ერთი და იგივე მოსამართლის სახელი და გვარი, მაშინაც კი, როცა მისი ამგვარი პოზიცია დანაშაულებრივი ხასიათის მატარებელია.”-აცხადებს ირაკლი ღლონტი.
მასალის გამოყენების პირობები






