„უამრავი საკანონმდებლო რეფორმა, ინსტიტუციონალური რეფორმები ჩატარდა. შექმნილია ახალი სისტემები. საქართველოს როგორც იმიგრაციის, ასევე ემიგრაციის ინსტიტუციონალური საკანონმდებლო სისტემები არის აბსოლუტურად მობილიზებული. ამასთან, სამართლებრივ სფეროში ჩატარდა უამრავი რეფორმა, მიგრაციის კუთხით გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, ყველაფერ ამის შედეგად საქართველო მიჩნეულ იქნა სანდო პარტნიორად ევროპისთვის, იმ კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ გზა თავისუფალი გადაადგილებისთვის შენგენის ზონაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად ევროსაბჭოში და ევროპარლამენტში საჭირო მხარდაჭერის მიღებას და ევროპაში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებს რამდენიმე თვე დასჭირდება, რის შემდეგაც საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება თავისუფალი გადაადგილების უფლება ევროპის ყველა ქვეყანაში.
გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრმა უვიზო მიმოსვლის უკვე რეალურად განხორციელების პროცედურებზეც ისაუბრა.
"მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი მიიღებს უკვე საერთო-საკანონმდებლო ცვლილებას, ნებისმიერი მოქალაქე საქართველოსი შეძლებს ევროკავშირში გამგზავრებას, ოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მუშაობის უფლებას, ეს იქნება ჩვეულებრივი ტურისტული ვიზიტი, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს არ არის მუშაობის უფლება ევროკავშირში და არავითარი დამატებითი კონტროლი და დამატებითი დოკუმენტის აღება ამისთვის საჭირო არ იქნება. ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი უსაფრთხოების სისტემა იმიგრაციისა, როგორც საქართველოში, მათ შორის, ისე ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის მომენტში ბაზებში მოწმდება ყველა მოქალაქე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ რაიმე დამატებითი დოკუმენტი დასჭირდებათ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






