დევნილთა მინისტრი სოზას სუბარი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის პოზიტიური ნაბიჯი იქნება.
როგორც სუბარი ამბობს, რუსეთის მიერ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება ადმინისტრაციულ საზღვარს მიღმა მცხოვრებლებისთვის.
"რუსეთის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზო მომოსვლის საშუალება და თუ რუსეთი იგივე ნაბიჯს გადადგამს, ეს იქნება ჩვენი მოქალაქისთვის, მათთვის ვინც არის რუსეთში და მათთვისაც, ვისაც რუსეთში წასვლის სურვილი აქვს. ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის მოლოდინი ძალიან კარგია იმ თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა არიან დარჩენილი. ვგულისხმობ აფხაზეთში თუ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს, მაგრამ მათთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება, თუ ისინი ევროპაში მოგზაურობისთვის აიღებენ საქართველოს პასპორტს და ასევე ამ პასპორტით მათ შეეძლებათ რუსეთშიც თავისუფლად სიარული. ასე, რომ ამას ორმაგი დატვირთვა აქვს. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ თუ ქართველები, აფხაზები და ოსები მოილაპარაკებენ, ამ შემთხვევაში რუსეთი ამას მიიღებს, ნამდვილად არა ვართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ასე უაპელაციოდ მივიღოთ ეს სიტყვები და დავიჯეროთ, თუმცა სჯობს თუნდაც დეკლარირების დონეზე ასეთი განცხადებების გაკეთება. ამასაც მივესალმები“, - აღნიშნა სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






