სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქარაძე ელოდება, რომ ევროკომისიის მხრიდან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსთვის პოზიტიურ ანგარიში გამოქვეყნდება.
როგორც დავით ბაქრაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ამის თქმის საფუძველს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები იძლევა.
„იმ რეფორმების გამო, რომელიც მთავრობამ განახორციელა, სწორი პოლიტიკის გამო, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის კარი ღია იქნება. ამის პირველი ნაბიჯი იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც იქნება პოზიტიური“,- განაცხადა ბაქრაძემ.
ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს განათლების მინისტრსაც.
„საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა, რაც მას ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ეკისრებოდა, უფრო მეტიც, საქართველო პოზიტიურ ცვლილებებს ელოდება. რა თქმა უნდა მოლოდინი არის პოზიტიური“,- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ევროკომისია საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშს დღეს გამოაქვეყნებს.
მასალის გამოყენების პირობები






