რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ რომ მას პუტინის მიერ დღეს გაჟღერებული ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გაცილებით ადრე ჰქონდა.
"ვიზების გაუქმების თუ ლიბერალიზაციის შესახებ ინფორმირებულები ვიყავით. ზოგადად ვიზების გაუქმებას თუ გამარტივებას რაც შეეხება სწორი მიმართულებით გადადგმული
ნაბიჯია. ბევრ ჩვენს მოქალაქეს სერიოზულ პრობლემბს მოუხსნის. ბევრს მეგობარი, ნათესავი ჰყავს. როდის მოხდება ეს უცნობია როგორც ისინი ამბობენ, ახლო მომავალში"- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე კომენტარი გააკეთა დეპუტატმა ანი მიროტაძემაც.
„თუ ის ფიქრობს, რომ შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას, მაშინ ქმედებაც მათი განსახორციელებელია და ალბათ ეს იქნება ერთი კარგი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინაიდან საქართველოს ბევრი მოქალქე ცხოვრობს რუსეთის ტეროტორიაზე და ეს მოცემულობა ჩვენ ხშირად გვაიძულებს, რომ რაღაც გადაწყვეტილებები მივიღოთ. ერთი არის ფაქტი, რომ არაფერს ამის სანაცვლოდ საქართველო არ დათმობს,“ - განაცხადა ანი მიროტაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პუტინის განცხადება სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თაობაზე სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად უკვე შეაფასა.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება მზად არის გააგრძელოს არჩეული პრაგმატული კურსი რუსეთთან მიმართებაში და რუსეთის მხრიდანაც ველით ანალოგიურ მიდგომის მოლოდინშია.
"ჩვენი ხელისუფლების გააზრებულ საგარეო პოლიტიკას სერიოზული ხელშესახები შედეგები მოაქვს. სწორედ ასე აღიქვამენ ამას როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე დასავლელი პარტნიორები“ - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას საპარლამენტო უმცირესობაც გამოეხმაურა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და პუტინი არის საქართველოს მტერი.
„რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა. ვლადიმერ პუტინზე, განსხვავებით ამ მთავრობის მინისტრი ზაქარეიშვილისგან, ძალიან ცუდი წარმოდგენისგან ვარ. ვთვლი, რომ ის არის საქართველოს მტერი და არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მას საქართველოს მოჭარბებული სიყვარულით მოუვიდა. მინდა ვისურვო, რომ ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია ამ პროცესს დაასწრებს,“ - განაცხადა მიხელ მაჭავარიანმა.
გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს პრიორიტეტი დღეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია და უმჯობესია, რომ პრემიერი ამაზე იყოს კონცენტრირებული.
„პრემიერმინისტრი ნაცვლად იმისა, რომ ხოტბას ასხამდეს პუტინის განცხადებებს, ჯობია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანის მიღწევაზე კონცენტრირდეს“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






