საკონსტიტუციო სასამართლოში კამპანიის "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" ფარგლებში მომზადებული სარჩელის განხილვა დაიწყო. მოსამართლე არსებით საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეებისა და მოპასუხის არგუმენტებს არსებით მოისმენს.
არასამთავრობოები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონის იმ ნორმებს აპროტესტებენ, რომლებიც მოსმენის ერთ გასაღებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცემს.
„სადავო ნორმების მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ ჰქონდეთ ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა და პირდაპირი წვდომა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებთან, ასევე, განახორციელონ კავშირგაბმულობის არხში არსებული მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვა მონაცემთა ბანკებში 2 წლის ვადით.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ არაკონსტიტუციურია, ზოგადად, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის კომუნიკაციის საშუალებებთან ინფორმაციის რეალურ დროში მიღების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის განთავსების და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის შესაძლებლობა, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო, დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენისა და გახსნის მიზნით, წარმოადგენს დაინტერესებულ სუბიექტს ინფორმაციის მოპოვებაზე, რაც აძლიერებს მისი მხრიდან, ადამიანთა პირადი ცხოვრების გაუმართლებლად შეზღუდვის ცდუნების შესაძლებლობას. ამასთანავე, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, გასაჩივრებული ნორმები ითვალისწინებს პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვას სასამართლო კონტროლის გარეშე, რაც თავისთავად ნორმების არაკონსტიტუციურობაზე მიუთითებს.
საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






