კოკაინის გადაზიდვისთვის დაკავებული გემის ქართველი კაპიტანი საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ამ დრომდე არ დაკავშირებია.
ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ განაცხადა.
„პიროვნებასთან კავშირი არ გვქონია, რადგან მან თავად უნდა მისცეს დასტური იმის შესახებ, რომ საელჩოს ჰქონდეს შესაძლებლობა მასთან დაკავშირების და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ამ პიროვნებამ არ ისურვა, რომ მის საქმეს გაეცნოს საკონსულო საფრანგეთში. ვერ გეტყვით ამის მიზეზი რა არის, მას პირადად აქვს ალბათ რაღაც მოტივები. ჯერ-ჯერობით უდანაშაულოა, მაგრამ 2 ტონა ნახევარ კოკაინზე საუბარი და 2 ტონა ნახევარი კოკაინი სავარაუდოდ ჯიბეში ვერ შეინახა ხო? მეც მაქვს კითხვა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ ტელეკმპანია "იმედთან" საუბრისას.
ფრანგმა მებაჟეებმა მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ გემზე- "Carib Palm" რეკორდული რაოდენობის 2.4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, რომლის საერთო ღირებულება 50 მილიონი ევროა. გემი კოლუმბიიდან პოლონეთის ქალაქ გდანსკში რემონტისთვის მიცურავდა. ის ლა მანშის სრუტეში გააჩერეს და საფრანგეთის პორტ ბულონში გადაიყვანეს.
გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქე ბადრი ბერიძეა, ხოლო ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს, თურქეთის და უკრაინის მოქალაქეები არიან. ეკიპაჟის 12-ვე დაკავებულ წევრს საფრანგეთში გაასამართლებენ.
მასალის გამოყენების პირობები






