„მე ავტომანქანა არა მყავს და არც მემსახურება. ტარებაც კი არ ვიცი და აწი ალბათ აღარც მეცოდინება, მაგრამ აქციზის გადასახადი რომ იზრდება 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის, ამაზე მაინც უნდა ვთქვა ორიოდ სიტყვა.
რაც მე თავი მახსოვს ქართულ პოლიტიკაში, უშუალოდ დაინტერესებული წრეების მხრიდან სისტემატურად არის მცდელობა, რომ საკანონმდებლო დონეზე შეზღუდონ იაფი ავტომანქანების იმპორტი. მიზანი მარტივია: ავტომანქანების შემოყვანა შეეძლოს მხოლოდ მათ, ვისაც ბევრი ფული აქვს, ანუ მსხვილ, ფაქტობრივად მონოპოლურ კომპანიებს და ამ საქმით დაკავებული წვრილი და საშუალო ბიზნესი, როგორც არასასურველი კონკურენტი, უნდა მოისპოს.
ასეთი მცდელობები იყო შევარდნაძის დროს - არ გამოუვიდათ. შემდეგ უკვე სააკაშვილის დროს სცადეს იგივე - ასევე არ გამოუვიდათ. ახლა უკვე მესამედ ცდილობენ და ვშიშობ, გამოსდით..
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ თუ აღნიშნული ნოვაცია ვითომ ეკოლოგიური, საცობებსაწინააღმდეგო თუ სხვა რამ ყალბი საბაბით ძალაში შევა, ეს იქნება ტიპიური კორუფციული გარიგება კონკრეტული ბიზნესის და ბიზნესმენების სასარგებლოდ. მეტი არაფერი.
P.S. ჟურნალისტი რომ ვიყო აუცილებლად დავინტერესდებოდი ვინ ლობირებს ამ საქმეს და ვისი ინტერესებია აქ ჩადებული.“- წერს ზურაბიშვილი ფეისბუკზე.
მასალის გამოყენების პირობები






