ლევან მურუსიძე დარწმუნებულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები სააპელაციო სასამართლოში მის დანიშვნას მხარს დაუჭერენ.
ამის შესახებ მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"საბჭოს წევრებს ავუხსენი ჩემი დამოკიდებულება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამომწურავი პასუხი გავეცი მათ. დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე წევრების მხარდაჭერა მექნება. რაც შეეხებათ არა მოსამართლე წევრებს, ისინი ალბათ ამ გასაუბრების შემდეგ დაფიქრდებიან, გაანალიზებენ და ვნახოთ რა იქნება", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
რაც შეეხება მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, მურუსიძე ამბობს, რომ ყველა მისი გადაწყვეტილება იყო სამართლიანი.
"თუ ვინმე მეტყვის, რომ გირგვლიანის ან რაიმე სხვა საქმეზე, ალტერნატიული გადაწყვეტილება შესაძლებელი იყო დამდგარიყო უზენაეს სასამართლოში, მე ამოვწურავ ჩემს ვადას და წავალ", - განაცხადა მურუსიძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების მოუსმენა მიმდინარეობს, მათ შორის არის ლევან მურუსიძე. პარალელურად საბჭოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან შეკრებილი. ისინი ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევას ეწინააღმდეგებიან.
მასალის გამოყენების პირობები






