იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა გრძელდება. კანდიდატების ნაწილს დღეს მოუსმენენ. მათ შორის არის ლევან მურუსიძე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნა სურს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, რომ მურუსიძის უვადოდ დანიშვნას სააპელაციო სასამართლოში ხელი არ მოაწერონ.
შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი მასშტაბური კონკურსი. კონკურსი გამოცხადებულია პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში არსებულ, მოსამართლის 61 ვაკანტურ თანამდებობაზე. მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესის თანახმად, კონკურსის პირველ ეტაპზე ხდება კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება, ხოლო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს გასაუბრებას.
მასალის გამოყენების პირობები






