უმრავლესობის დეპუტატის მანანა კობახიძის თქმით, „კოკაინის საქმეზე“ ბრალდებული ნუგზარ ბოჭორიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი იყო.
ვიცე-სპიკერის თქმით, ბოჭორიშვილს როგორც პარტიის წევრს ჰქონდა მოთხოვნა, რომ მისი საქმე პარლამენტში შექმნილ სპეციალურ კომისიაზე განხილულიყო.
როგორც დეპუტატი ამბობს, ბოჭორიშვილის გვარი პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვედრილა.
"კოკაინის საქმესთან დაკავშირებულ პირებს ჰქონდათ მომართვა იმ კომისიის სახელზე, რომელიც თავის დროზე პარლამენტში მუშაობდა. კომისიამ საქმე შეისწავლა. საქმე ძალიან უხეში დარღვევებით იყო ნაწარმოები. ნუგზარ ბოჭორიშვილი იმ ეტაპზე "რესპუბლიკური პარტიის" წევრი იყო. ეს ცნობა და ეს დოკუმენტი არსებობდა. ეს საქმეშიც დევს, რაც თავად "რესპუბლიკურმა პარტიამ" გასცა და მას ჰქონდა მოთხოვნა, როგორც პარტიის წევრს, რომ მისი საქმე კომისიაზე განხილულიყო. საქმის განხილვა მოხდა, მაგრამ ამ ადამიანის გვარი პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვედრილა. პარლამენტის შესაბამის დადგენილებაში ამ ხალხის საქმე არ მოხვედრილა", - ამბობს მანანა კობახიძე.
გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ჩაატარა გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ იყო ის პატიმარი, რომლის შეწყალების სანაცვლოდ ლამის ორ მილიონამდე დოლარს იხდიდნენ და რომელი პოლიტიკოსები ახდენდნენ ზეწოლას შეწყალების კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეზე. მათი ინფორმაციით, კვალი ე. წ. კოკაინის საქმემდე მიდის.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით,2010 წლის 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. საბერძნეთის მოქალაქე და ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი ამ ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. დღეს კობახიძემ დაადასტურა, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა.
მასალის გამოყენების პირობები






