საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი არც ადასტურებს და არც უარყოფს დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი ბრალდებები ზეწოლასთან დაკავშირებით „კოკაინის საქმეს“ უკავშირდება.
რაც შეეხება მანანა კობახიძის განცხადებას, ელისაშვილი დეპუტატს „საქმეების გარჩევის“ სანაცვლოდ, პროკურატურის დახმარებას ურჩევს, რათა გამოძიება დროულად დასრულდეს.
„არც ვადასტურებ და არც ვუარყოფ. ჩემგან ნურაფერს ნუ ითხოვენ. საქმეებს კი ნუ მირჩევენ, დავეხმაროთ პროკურატრას. ამაში დაეხმაროს ქალბატონი მანანაც, სხვა ქალბატონებიც. მეც ვეხმარები, სხვა მოწმეებიც ეხმაურებიან. ერთად მივიყვანოთ გამოძიება ბოლომდე“, - განაცხადა ელისაშვილიმა
გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ჩაატარა გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ იყო ის პატიმარი, რომლის შეწყალების სანაცვლოდ ლამის ორ მილიონამდე დოლარს იხდიდნენ და რომელი პოლიტიკოსები ახდენდნენ ზეწოლას შეწყალების კომისიის მაშინდელ თავმჯდომარეზე. მათი ინფორმაციით, კვალი ე. წ. კოკაინის საქმემდე მიდის.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით,2010 წლის 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. საბერძნეთის მოქალაქე და ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი ამ ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. დღეს კობახიძემ დაადასტურა, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა.
მასალის გამოყენების პირობები






