ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვს. მისი თქმით, მთავრობა აღნიშნული მიმართულებით ეფექტურად მუშაობდა.
"ხვალ გამოქვეყნდება საქართველოს საქმიანობის შემაჯამებელი დოკუმენტი და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ის იქნება პოზიტიური. მთავარი, რასაც ხვალ ველოდებით არის აღიარება იმ საქმიანობისა, რომელიც ყველა უწყების მიერ ერთმნიშვნელოვან პრიორიტეტად იქნა განსაზღვრული, დანარჩენს რაც შეეხება, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ვიზალიბერალიზაციის მიზნით საქართველომ არაერთი რეფორმა განახორციელა, მათ შორის ცვლილებები შევიდა 70-ზე მეტ კანონში და ქვეყანა შეუერთდა არაერთ შესაბამის კონვენციას“, - განაცხადა ბაქრაძემ.
საქართველოს მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიში ხვალ 15 დეკემბერს გამოქვეყნდება. ევროკომისიის ანგარიში გახდება წინაპირობა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, დათანხმდნენ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შემოღებას საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






