არასაპარლამენტო ოპოზიციას დღეს სასტუმრო თბილისი მერიოტში შეიკრიბა, სადაც განხილვის მთავარი თემა ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციათა მიერ პარლამენტში წარდგენილი საკონსტიტუციო კანონპროექტის საერთო სახალხო განხილვის კომისიაში მონაწილეობის საკითხი იყო.
პარტიებმა გარდაბნის გამგებლის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხზეც ისაუბრეს, თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
არჩევნების ბოიკოტირებაზე საუბრობს ,,ლეიბორისტების" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ის პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, ხელისუფლების მიერ გაყალბებული პროცესის თანამონაწილეებად იქცევიან.
„მილიონერთა პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად ემზადება. საპარლამენტო არჩევნები კარზეა მომდგარი და ხელისუფლება ჯიუტად ამბობს უარს, დემოკრატიული საარჩევნო რეფორმა გაატაროს და მასობრივი გაყალბების გზით ძალაუფლებაში დასარჩენად აღვირახსნილად ემზადება,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ბოიკოტის მომხრეა, როგორც მან „ნიუპოსტს“ განუცხადა, ხელისუფლება არჩევნებზე მარტო უნდა დარჩეს.
„ბოიკოტთან დაკავშირებით, ინტერპრპარტიულ ჯგუფს ამ მომენტისთვის არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, პირადად მე მხარს ვუჭეს ბოიკოტს. ჩემი პარტია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, ეს არ ეხება მხოლოდ გარდაბნის არჩევნებს. იმ ფონზე როცა ხელისუფლება ჯიუტად არ ცვლის საარჩევნო სისტემას, ახორციელებს მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს და აპირებს მაჟორიტარული არჩევნების მეშვეობით ხმების მოპარვას ბოიკოტი მიზანმშეწონილად მიმაჩნია. საგარეჯოში ჩატარებულმა არჩევნებმა ნიღაბი ჩამოგლიჯა ამ ხელისუფლებას და აჩვენა რაზეა წამსვლელი ეს ხელისუფლება“- გვითხრა დავითაიამ.
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის ბაჩუკი ქარდავას თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიციას სურს ამ ტიპის ნაბიჯებით ხელისუფლება აიძულოს, შეცვალოს საარჩევნო სისტემა და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები.
"ჩვენთვის ამ არჩევნების ბოიკოტირება, თუ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, არ არის მიმართული მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს ნებისმიერი ამ ტიპის ნაბიჯით ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ანუ შეცვალოს სიტემა. ან შეიცვლება საარჩევნო სისტემა და ჩატარდება სამართლიანი არჩევნები ან არ შეიცვლება სისტემა და ხელისუფლება შეძლებს ძალაუფლების მიტაცებას. ამის მერე ქუჩაში რა მოხდება, არჩევანს ხალხი გააკეთებს“, - განაცხადა ქარდავამ.
რაც შეეხება მამუკა კაციტაძის განცხადებას, ის აცხადებს, რომ არჩევნების ბოიკოტზე გადაწყვეტილება ინტერპარტიულ ჯგუფში მსჯელობის შემდეგ იქნება მიღებული.
„ლეიბორისტული პარტიის შემოთავაზებაზე, რომ 28 იანვარს გარდაბნის გამგებლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეოთ ამ საკითხზე ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრაზე გარკვეული საუბარი შედგა, გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის. განხილვის მთავარი თემა იყო საარჩევნო გარემოს ცვლილება“- აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები






