2016 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, გამწვანების ღონისძიებები:
ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2016 წელს განსაზღვრულია 271 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (210 მლნ.) 61 მლნ. ლარით მეტია.
ამასთან, 13 ნოემბერს საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით, გაიზარდა ისეთი პროექტების დაფინანსება, როგორიცაა
გზების მოვლა-შეკეთება რაიონებში - 2 მლნ. 600 ათასი ლარით;
ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება - 3 მლნ ლარით;
კეთილმოწყობის ღონისძიებები რაიონებში - 4 მლნ ლარით.
ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 214 მლნ. 300 ათასი ლარი, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (205 მლნ.) 9 მლნ. 300 ათასი ლარით მეტია.
2016 წლის ბიუჯეტის პროექტში გარდა არსებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისა, გათვალისწინებულია ახალი პროგრამების დაფინანსებაც:
3 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება, რაც ადრეული ძუძუს კიბოს დადებითი (I-III) სტადიის მქონე პირებისათვის პრეპარატი ჰერცეპტინით უზრუნველყოფას გულისხმობს; 300 000 ლარით დაფინანსდება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთათვის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მომსახურების მიწოდება; 500 000 ლარია გამოყოფილი ახალი პროგრამისთვის, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობისთვის ორთოპედიული პათოლოგიების სკრინინგსა და აღდგენით თერაპიას მოიცავს.
ასევე გაზრდილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსებაც, გასულ წელთან შედარებით ზრდამ 3 მლნ. 400 ათასი ლარი შეადგინა.
განათლებაზე გამოყოფილია 95,1 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე (92 მლნ. 633 ათასი) 2 მლნ. 500 ათასი ლარით მეტია.
აღსანიშნავია, რომ სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამა გაიზარდა 106 800 ლარით, პროგრამას დაემატება ქალაქ თბილისის მერიის ხელოვნების სკოლებში იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეთა უფასო სწავლება.
გამწვანების ღონისძიებებისთვის 2016 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, 2 მლნ ლარით მეტია განსაზღვრული, რაც ვერეს ხეობაში და პარკი მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის მოწყობის სამუშაოებზე მიიმართება.
ამასთან, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამას, გარდა ტრანსფერებით მისაღები 5,3 მლნ ლარისა, დაემატა 1 მლნ ლარი და 6 მლნ. 300 ათასი ლარით განისაზღვრა.
რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებული ვარიანტის მიხედვით, 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების ფონდის მოცულობა შემცირებულია 1 მლნ. 500 ათასი ლარით, სამივლინებო ხარჯები - 230 ათასი ლარით, წარმომადგენლობითი ხარჯები - 368 ათასი ლარით, ხოლო ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა-შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯები 449 ათასი ლარით ნაკლებია.
მასალის გამოყენების პირობები






