საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა აღნიშნული ინიციატივა „ნიუპოსტთან“ განმარტა.
„ამ კუთხით ჩემი განცხადებები და ქმედებები თანმიმდევრულია. ჯერ კიდევ 5 წლის წინ დავაანონსე, რომ საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატი დიდი ალბათობით, ხელს შეგვიწყობს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაში, მათ შორის ბუნებრივია კონფლიქტების მოგვარების კუთხითაც. ამ ფორმატზე გერმანელ და რუს კოლეგებთან მსჯელობა ჯერ კიდევ მაშინ მქონდა, როცა გაეროში ვმოღვაწეობდი, ვიდრე რუსეთ-საქართველოს ომი მოხდებოდა.
ამგვარი ფორმატისთვის, ხელსაყრელი პირობები შემექმნას ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც ვცდილობდი, ჩემი კონსულტაციების დროს, გერმანელ ლიბერალურ ორგანიზაციებთან და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პარლამენტში და კანცლერის ოფისშიც არაერთხელ მქონდა ამ საკითხზე საუბარი, და მინდა გითხრათ, რომ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, გერმანული მხარის მხრიდან შემხვედრი ნება დავინახე.
საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შესახებ მსჯელობა ჩემი მთავრობაში ყოფნის პერიოდშიც გაგრძელდა. მქონდა შეხვედრა ჩემს გერმანელ კოლეგასთან, არაერთხელ წამოვწიე ეს თემა და ვუთხარი, რომ გერმანიას ლოკომოტივის როლი აეღო“ - განუცხადა „ნიუპოსტს“ ირაკლი ალასანიამ.
მისი თქმით, გერმანია, ძლიერი ევროპის წამყვანი ქვეყანაა, რომელსაც ტრადიციულად კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოსთან და ასევე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს რუსეთთან.
„ამის გათვალისწინებით, სასურველი იქნებოდა სწორედ გერმანიას აეღო ლიდერის ფუნქცია. მინდა შეგახსენოთ, რომ აგნელა მერკელი ჩართული იყო დნესტისპირეთის პრობლემის მოგვარებაში მოლდოვასა და რუსეთს შორის. საბოლოო ჯამში, ამ ფორმატის ამოქმედება ჩვენს შემთხვევაში მომავლის თემაა, "თავისუფალ დემოკრატებს" გვაქვს იმის პოლიტიკური და პირადი გამოცდილების რესურსი საგარეო ვექტორზე მუშაობის, რომ ამ ფორმატის ამოქმედება შევძლოთ. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის“ - განმარტა ირაკლი ალასანიამ.
კითხვაზე ხომ არ შეუქმნის საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის ამოქმედება ჟენევის ფორმატს ხელს, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ცალსახად განაცხადა, რომ მისი ინიციატივა ჟენევის ფორმატის ჩანაცვლებას არ გულისხმობს.
„ჟენევის ფორმატი არსებობს ოკუპაციის შედეგების აღმოსაფრხველად და ეს მოლაპარაკებები აუცილებლად გაგრძელდება“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც იქვე დასძინა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში მაია ფანჯიკიძემ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და გერმანიასთან ორმხრივი, მათ შორის, არაფორმალური შეხვედრებიც განხორციელდა. თუმცა ალასანიას დღეს არ აქვს ინფორმაცია მუშაობს თუ არა მოქმედი მინისტრი ამ მიმართულებით.
მასალის გამოყენების პირობები






