„ვადასტურებ, რომ აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „სავაჭრო წარმომადგენლებს“ მართლაც ჰქონდათ ათენში გამართულ გამოფენაზე სტენდი. ჩვენ გუშინვე ვესაუბრეთ გამოფენის ორგანიზატორებს. ამ ეტაპზე, ველოდებით გამოფენის ორგანიზატორების ოფიციალურ წერილობით განმარტებას, რომელშიც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქნება ორგანიზატორების ბოდიში, ასევე, აღნიშნული იქნება, რომ მომხდარი ფაქტი გაუგებრობაა და, რომ მომავალში ანალოგიური აღარ განმეორდება. გვაქვს მოქმედების რამდენიმე გეგმა. აუცილებლად ჩავრთავთ საბერძნეთის საგარეო და ეკონომიკის სამინისტროებს. ჩვენთან კავშირზე იმყოფება ათენის სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ბ–ნი კ. მიხალოსი. ვნახავთ, თუ რა დონის რეაგირება გახდება საჭირო. შესაძლოა, ორგანიზატორი კომპანიის საქმიანობით დავაინტერესოთ ადგილობრივი და საერთაშორისო მას-მედია, ასევე, შესაძლოა, საქმის კურსში ჩავაყენოთ ათენში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები. არ გამოვრიცხავთ, მივმართოთ სავაჭრო–სამრეწველო პალატათა საერთაშორისო ასოციაციას და სავაჭრო–სამრეწველო პალატათა მსოფლიო ფედერაციას. საელჩოს რეაქცია იქნება ძალზე კონკრეტული და მკაცრი. ვიმოქმედებთ იმ გეგმით, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება, რომ მსგავსი ფაქტი ათენში აღარასოდეს განმეორდეს. ჩვენ ამ ინციდენტის საპასუხოდ, შევქმნით იმგვარ სამაგალითო პრეცენდენტს, რომელიც ყველა ადგილობრივ ბიზნეს–გაერთიანებასა და ასოციაციას დაანახებს, რომ საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, მით უფრო, ევროკავშირისა და ნატო–ს წევრ სახელმწიფოში, ორგანიზატორებმა, მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ საერთაშორისო ღონისძიებებზე მონაწილეთა დარეგისტრირების პროცესში, მსგავსი უსიამოვნო ფაქტების თავიდან ასაცილებლად.“- აცხადებს ნანობაშვილი.
შეგახსენებთ, 4 დეკემბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, გაიხსნა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა "GREEK TOURISM EXPO", გამოფენაში მონაწილე 120 ტურისტულ ორგანიზაციათა შორის არის ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაც“ იყო.
მასალის გამოყენების პირობები






