დღეს, 7 დეკემბერს, ევროპის სახლში “სტუდია რემ” სათემო რადიოთა ქსელის “პოლიფონია” პრეზენტაცია გამართა. რადიოპროექტს ახორციელებენ "სტუდია რე" და ბრიტანული ორგანიზაცია "მედია ტრენინგ ცენტრი". პროექტის მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.
სათემო რადიოების პროექტი 2006 წელს BBC World Service Trust-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. მოეწყო რადიო სადგურები ნინოწმინდასა და მარნეულში. სათემო რადიოებისათვის ჟურნალისტების შერჩევის მიზნით, ჩატარდა კონკურსი. შერჩეულ კანდიდატებს გამოცდილმა ბრიტანელმა და ქართველმა ჟურნალისტებმა ჩაუტარეს ტრენინგი ჟურნალისტიკასა და მედია მენეჯმენტში.
დღეს სათემო რადიოების ქსელი „პოლიფონია“ უკვე სამ რადიოს აერთიანებს: რადიო „ნორი“ (ქ.ნინოწმინდა), „ხალხის ხმა“ (ქ.მარნეული) და რადიო „მოზაიკა“ (ქ.გორი). სათემო რადიოს იდეის გავრცელებაში პროექტის პარტნიორები არიან რადიო „ათინათი“ (ქ.ზუგდიდი) და რადიო „ჰერეთი“ (ქ.ლაგოდეხი). ასევე, პროექტში მონაწილეობენ აფხაზი და ოსი ჟურნალისტები.
დღეს რადიო „ნორს“ საეთერო FM მაუწყებლობის ექვსი თვე შეუსრულდა. რადიო „ხალხის ხმა“ (ქ.მარნეული) და ახლადჩამოყალიბებული რადიო „მოზაიკა“ (ქ.გორი), რადიოსიხშირის მოპოვებამდე, ონლაინ სივრცეში მაუწყებლობენ. მსმენელს უკვე შეუძლია მოისმინოს გადაცემები მარნეულის, ნინოწმინდის, გორის მრავალეთნიკურ თემებში არსებულ პრობლემებსა და გადაწყვეტის გზებზე.
მასალის გამოყენების პირობები






