იმავე დღეს საქართველოს და ლატვიის მინისტრებმა ოფიციალურად გახსნეს ორი ქვეყნის ბიზნეს-თანამშრომლობის საბჭოს სხდომა და ქართველი და ლატვიელი ბიზნესმენების წინაშე მოხსენებები გააკეთეს. შეხვედრაზე განხილული იყო ორ ქვეყანას შორის ბიზნესის თანამშრომლობის განვითარება, ინვესტიციების ხელშეწყობა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების საკითხები. საბჭოს სხდომა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოფისში გაიმართა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლატვია საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი ქვეყანაა. მისი განცხადებით, დადებითი ეკონომიკური მაჩვენებლების მიუხედავად, პოტენციალი სავაჭრო სექტორში დიდია. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ხელს შეუწყობს ლატვიური კაპიტალის მოზიდვას საქართველოს ეკონომიკაში.
ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა დანა რეიზნიცე-ოზოლამ გამოხატა დიდი დაინტერესება ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. მისი თქმით, არსებობს ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორს შორის კოოპერაციის პოტენციალი ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფარმაცევტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი და სხვ.
ხვალ, 8 დეკემბერს ლატვიის ეკონომიკის მინისტრი დანა რეიზნიცე-ოზოლა, თავის ქართველ კოლეგასთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ოფიციალურად გახსნის ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას, რომელზეც განხილული იქნება საკითხების ვრცელი სპექტრი, მათ შორის: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ტურიზმი, სპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება და განათლება, კულტურა, რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა, ინტელექტუალური საკუთრება, კვლევის განვითარება და ინოვაციები, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფერო, ჯანმრთელობის დაცვა, შრომა და დასაქმება, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, სტატისტიკა, დიასპორის საკითხები. კომისიის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია კომისიის სხდომის ოქმზე ხელმოწერა.
ვიზიტის ბოლოს, ლატვიის ეკონომიკის მინისტრი დანა რეიზნიცე-ოზოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიას დაათვალიერებს.
მასალის გამოყენების პირობები






