„საოცარი ხალხი ვართ, ერთი სიტყვა არ ვაპატიეთ პატრიარქს... იმედია დაცხრა ვნებათაღელვა საპატრიარქოს განცხადების შემდეგ!!! ვისურვებდი, რომ უწმინდესის ჰუმანურ სურვილებზე და მის ემოციებზე მეტი ”საფრთხე” არ ”დაემუქროს” კონსტიტუციურ წესრიგს ამ ქვეყანაში. ზოგჯერ, ძალიან სუსტად გამოვიყურებით, როცა მიზეზს ვეძებთ, როგორ დავუპირისპირდეთ ეკლესიას, პატრიარქს და ვინც ამას უფრო დიდი ”შემართებით” ვახერხებთ, აი, უფრო მეტ ”დემოკრატად” მიგვაჩნია თავი. ცოტა სასაცილოა, სამწუხარო რომ არ იყოს ეს ყველაფერი...“- წერს მანანა კობახიძე ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, ინიციატივა პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭებაზე, რუსთაველის თეატრში პატიმრების მონაწილეობით გამართული სპექტაკლის შემდგომ, ილია II-ს მხრიდან გაჟღერდა. მის ამ ინიციატივას მხარდაჭერა მთავრობის წევრების უმრავლესობამ გამოუცხადა. პრემიერმა კი პარლამენტს და პრეზიდენტს თხოვნით მიმართა რომ შესაბამის კანონმდებლობაზე მუშაობა დაწყებულიყო. ამ ფაქტმა საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური სპექტრის გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, ისინი კონსტიტუციის დარღვევაზე და დემოკრატიისთვის შექმნილი საფრთხის შესახებ მიანიშნებდნენ. საბოლოოდ სიტუაცია ისევ საპატრიარქომ განმუხტა და სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პატრიარქმა ეს განცხადება ემოციურ გარემოში გააკეთა და ეს მისი მხრიდან იყო პატიმრებისადმი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვის.
მასალის გამოყენების პირობები






