ინფლაციის დონის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს, ამის შესახებ განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
"ამის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს მოხსენებებში აღვნიშნავდით. ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია პიკს მიაღწევს მომდევნო წლის პირველ კვარტალში და დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე ნახევრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი არის 5%, რაც ითვლება ოპტიმალურად იმ ზომისა და განვითარების სტადიისთვის, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. ინფლაცია ნიშნავს სამომხმარებლო ფასების საშუალო ზრდას. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საქონელზე ფასი 5%-იდან 6%-ითაა გაზრდილი. ზოგ საქონელზე მნიშვნელოვნად გაზრდილია, ზოგზე შემცირებულია, ზოგზე არაა ცვლილება, მაგრამ საშუალო ინდექსი არის 6%-ზე ცოტა მეტი. ახლა ყველაფერი იმ პროგნოზებთან სრულ შესაბამისობაშია, რასაც ეროვნული ბანკი მთელი თვეების განმავლობაში აქვეყნებდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის ნოემბრისთვის ინფლაციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ 6,3%-ის მიაღწია, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წლიური მიზნობრივი მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს." - განაცხადა ქადაგიძემ.
ამასთანავე სებ-ის პრეზიდენტი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უახლოეს პერიოდში არ ელოდება, მისი თქმით მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ქვეყანამ მიიღო, კურსში უკვე ასახულია.
,,როგორც აქამდე არაერთხელ განვაცხადე, სხვა თანაბარ პირობებში წნეხს ლარის გაუფასურებაზე ჩვენ აღარ ველოდებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უკვე ასახულია კურსში."- აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






