ვიზიტის ფარგლებში, კახა კახიშვილი დელეგაციასთან ერთად, ანკარაში თურქეთის იუსტიციის მინისტრს ბექირ ბოზდაღს და სასჯელაღსრულებისა და საპატიმროების გენერალურ დირექტორს ენის იავუზ ილდირიმს შეხვდება. მხარეები შეხვედრაზე ერთმანეთს პენიტენციური სისტემის მართვის სფეროში გამოცდილებას გაუზიარებენ და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრებენ. გარდა ამისა, საუბარი შეეხება თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში ქართველ მსჯავრდებულთა პირობებსა და უფლებრივ მდგომარეობას.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სტამბოლის N3 L ტიპის დახურულ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეწვევა და იქ მყოფ ქართველ მსჯავრდებულებს შეხვდება. მინისტრი ქართველი პატიმრებს გაესაუბრება და მათი სასჯელის მოხდის პირობებს ადგილზე გაეცნობა.
„ვიზიტი თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოწვევით შედგება. დაგეგმილ შეხვედრებზე ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით ჩვენი თანამოქალაქეების საყოფაცხოვრებო პირობებით თურქეთის საპატიმრო დაწესებულებაში. უკვე გვაქვს კონკრეტული საკითხები, რომელიც თურქეთის ციხეებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ. საქართველოში ხელს ვუწყობთ თურქეთის მოქალაქე მსჯავრდებულებს, რომ ერთ დაწესებულებაში იყვნენ შეძლებისდაგვარად და კომუნიკაციის პრობლემა არ ჰქონდეთ. ანალოგიური თხოვნა გვექნება თურქეთის იუსტიციის მინისტრთან, რომ იქაურ საპატიმროში მყოფ ქართველ მსჯავრდებულებს არ ჰქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაციის პრობლემა. ჩვენ მაგალითად, თურქეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური თურქულენოვანი არხები შემოვიყვანეთ, რათა საქმის კურსში იყვნენ და შეიტყონ რა ხდება. რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით, თურქეთის ციხეებში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს არა აქვთ ამის საშუალება და ამ საკითხებს დავაყენებთ. ასევე, ექსტრადიციის თემებსა და ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ვისაუბრებთ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი არსოშვილი თურქეთში პრობაციის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტი 9 დეკემბერს სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






