მთავრობის წევრებს ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებსა და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში სააგენტოს უფროსმა, ზაზა დოლიძემ წარუდგინა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება 2013 წლიდან დაიწყო. მოწმდება სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის უვნებლობა, პროდუქციის ვადიანობა და ეტიკეტირება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, სამწუხაროდ 2013 წლამდე სასწავლო დაწესებულებების კვების ობიექტების კონტროლი არ ხორციელდებოდა, შესაბამისად, არ არსებობდა ინფორმაცია იქ არსებული მდგომარეობის შესახებ. ბოლო ორი წლის მანძილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ბაღებისა და სკოლების კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად ხორციელდება.
,,2015 წლის ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს სრული სურათი იმისა, თუ რა მდგომარეობაა სასწავლო დაწესებულებების კვების ობიექტებში. ქვეყნის მასშტაბით ყველა საბავშვო ბაღი უკვე შემოწმდა და სკოლების 80 %-ზე მეტი წლის ბოლომდე შემოწმდება. შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის შემუშავების პროცესშიც ყველა შესაბამისი უწყება - ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თბილისი მერია და რეგიონის თვითმმართველობები არის ჩართული. შემუშავებული რეკომენდაციები გულისხმობს ჰიგიენური ნორმების დაცვას, კვების სწორი რაციონის შექმნას და ა.შ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბევრმა დაწესებულებამ შარშანდელთან შედერებით, კვების ობიექტებში გააუმჯობესა პირობები, რაც ნამდვილად მისასალმებელია. რათქმაუნდა ჩვენ გვაქვს კიდევ ბევრი სამუშაო და დიდი გზა გასავლელი, მაგრამ პროგრესი ნამდვულად უკვე სახეზეა“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
2015 წელს საბავშვო ბაღებში 910 ინსპექტირება განხორციელდა (2014 წელს - 467). მიმდინარე წელს სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა სკოლის ბუფეტების შემოწმებაც. 2015 წლის 11 თვის მონაცემებით, სკოლების კვების ობიექტებში 361 ინსპექტირება განხორციელდა. ინსპექტირების პროცესში გარკვეულ ობიექტებზე გამოვლინდა შეუსაბამობები და ბიზნესოპერატორებს მათ გამოსასწორებლად რეკომენდაციები მიეცათ. გასულ წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა სკოლების კვების ბლოკებში 408 ინსპექტირება განახორციელეს და გამოვლენილი დარღვევების გამო 4 სკოლის ბუფეტი დახურეს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა სასწავლო დაწესებულებებში არსებული პრობლემების აღმოფხვრის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებასა და ვითარების გაუმჯობესების მექანიზმებზე იმსჯელეს.
როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ აღნიშნა, შეხვედრაზე სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებების კვების ობიექტებში ბავშვთა დაბალანსებული და ჯანსაღი საკვებთ უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.
,,აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ რეკომანდაციების დოკუმენტზე მუშაობა და უკვე გავწერეთ კონკრეტული გეგმა ამ რეკომენდაციების დანერგვის და განხორციელების შესახებ. რეკომენდაციები მოიცავს პირველ რიგში საინფორმაციო ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მოხდება სასწავლო დაწესებულების თანამსრომლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ბავშვთა ჯანსაღი კვების პრინციპებთან დაკავშირებით. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა პროდუქტების დიფერენცირება, განსაზღვრა, თუ რომელი პროდუქტების მიღებაა აუცილებელი და მიზანშეწონილი ბავშვებისთვის და რომელი პროდუქტები საერთოდ ამოსაღებია კვების რაციონიდან. მნიშვნელოვანია სასწავლო დაწესებულებების სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა, ასევე ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლებში ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა, სუსტი წერტილების მოძებნა და აღმოფხვრა, რათა ეფექტიანად ამუშავდეს ეს პროგრამა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვნია ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობა. ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების შემოწმების პროცესი, რათა ჰიგიენასთან და კვების ბლოკებთან დაკავშირებით ყველა საკითხები იყოს მოწესრიგებული“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






