საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კრიზისების მართვის საბჭოს მიერ საფრთხეების დოკუმენტის შემუშავების შემდეგ დღის წესრიგში დადგა თავდაცვის გეგმების დამტკიცება. სხდომაზე წარდგენილი გეგმების უმეტესობა მოიწონეს და გადაწყდა, რომ კონკრეტული თავდაცვის გეგმები პრეზიდენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.
„ჩვენი ქვეყნის წინაშე ბევრი საფრთხეებია, გამოწვევები კიდევ უფრო მეტი, ვითარება კი დინამიური და სწრაფად ცვალებადი. ყველა გეგმაში შესაძლებელია მუდმივად იყოს ცვლილებები შესატანი და ეს დისკუსია მუდმივი პროცესია, იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენს რეგიონსა და მთლიანად კონტინენტზე ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წინ წავიდა, კონკრეტული გეგმები უკვე მოწონებულია და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ხელს მოაწერს და დაამტკიცებს მათ, როგორც სამოქმედო გეგმებს ჯარისთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე ნატოსთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის ანგარიშიც მოისმინეს, თუმცა გადაწყვეტილებების მიღება შემდეგი სხდომისთვის გადაიდო: „მოისმინეს ჩემი ანგარიში და შემდეგ სხდომაზე შევჯერდებით თუ რა სტრატეგიით ვმოქმედებთ დღეიდან ვარშავამდე, რა გზავნილები და როგორი კოორდინაციის რეჟიმი გვაქვს,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
სხდომა თავდაცვის უწყების წარმომადგენლების გარდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






