საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ეხმაურება.
ექსპრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებამ ეს იმისთვის გააკეთა, რომ მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ჰქონდეს.
„დღეს პრეზიდენტმა მოქალაქეობა შემიწყვიტა. ეს კაცი მხოლოდ ამ იურიდიული აქტით შერჩება ამ ქვეყანას, თუ შერჩება. ეს გადაწყვეტილება მიღებულია რუსი ოლიგარქის და მისი დაშინებული, ხავსმოკიდებული ხელისუფლების მიერ და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ გზა დამიკეტონ არჩევნებში კენჭისყრისკენ. მინდა შევახსენო ყველას ვინც პარალელს ავლებს ივანიშვილისთვის მოქალქაქეობის ჩამორთმევასა და დღევანდელ ფაქტს შორის. როდესაც ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, ეგრევე შევთავაზეთ ორმაგი მოქალაქეობა. როცა ამაზე ცივი უარი თქვა, კონსტიტუციაც კი შევცვალეთ რომ არავის ეთქვა, თითქოს ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს არჩევნებზე არ ვუშვებდით. ჩემი სიტუაცია განსხვავებული იყო. თავიდანვე თქვეს რომ დამაპატიმრებდნენ. ეს თქვა მათმა სპონსორმა პუტინმა და მედვედევმა, ასევე ივანიშვილმა. ამ ფონზე იძულებული ვიყავი ჩემი ქვეყანა დამეტოვებინა. ამავე დროს წავედი უკრაინაში, სადაც იგივე ბრძოლა მიდის რაც ჩვენს ქვეყანაში. უკრაინის წარმატება დღეს საქართველოს წარმატებაა. მათ შეუძლიათ წაუღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ წამართმევს ქართველობას და საქართველოს უკიდეგანო სიყვარულს. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






