„ჩემი უწყებიდან ორივე უშიშროების საბჭოს წევრი ვიქნებით, მეც და გენერალიც. თემა რომელსაც დღეს უშიშროების საბჭო იხილავს პირდაპირ არის თავდაცვის უწყების ქვემდებარე. უნდა ვისაუბროთ იმ სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომელიც ქვეყანაში თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად შეიქმნა. დანარჩენი მე ვფიქრობ, რომ მუშა პროცესია და არაფრიდან ტრაგედიის გაკეთება არ არის საჭირო“- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კომენტარი საბჭოზე პრემიერის არდასწრებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი თავად პრემიერის გადასაწყვეტია.
უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 16:00 საათზე გაიმართება.
ცნობილია რომ ქვეყანაში არყოფნის გამო სხდომას საგარეო უწყების ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ვერ დაესწრებიან. სხდომას ასევე არ ესწრება პრემიერ-მინისტრი ირაჯლი ღარიბაშვილიც თუმცა მისი არდასწრების მიზეზი ცნობილი არაა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში _ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.
მასალის გამოყენების პირობები






