საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის საფუძველზეც საქართველოს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ, ალიანსის „პარტნიორობის კალათიდან“ ღია კარის ანუ „გაფართოების კალათაში“ გადავიდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიღებულმა გადაწყვეტილებამ ოფიციალურად დააფიქსირა, რომ საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია.
„პირველ რიგში, მინდა მივულოცო მონტენეგროს ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. მონტენეგროს მიწვევა ალიანსში ნათელი და მკაფიო გზავნილია ასპირანტი სახელმწიფოებისთვის, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება. ასევე, მინდა ვთქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის საფუძველზეც საქართველოს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ, ალიანსის „პარტნიორობის კალათიდან“ ღია კარის ანუ „გაფართოების კალათაში“ გადავიდა. მიღებულმა გადაწყვეტილებამ ოფიციალურად დააფიქსირა, რომ საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია. გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გაწევრიანებისთვის გვესაჭიროება და არა გაწევრიანების გზაზე პროგრესის მისაღწევად. ბუქარესტის შემდეგ საქართველომ ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამ ეტაპზე საქართველო ეფექტიანად ახორციელებს წლიური სამოქმედო გეგმის (ANP) მეშვიდე ციკლს, რომელიც ერთადერთ პრაქტიკულ ინსტრუმენტს წარმოადგენს MAP-ის მონაწილე ქვეყნების წევრობისთვის მოსამზადებლად“, - განაცხადა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






