მაჟორიტარმა აღნიშნა, რომ ერთწლიან სამაჟორიტარო პერიოდში დაწვრილებით შეისწავლა მისი საარჩევნო ოლქის პრობლემები და აუცილებელია, დოლიძე–ბახტრიონი–ხილიანის ოლქში მშენებლობების ნებართვის გაცემაზე დროებით მორატორიუმი გამოცხადდეს. მისი თქმით, ახალი კორპუსების აშენებით უამრავი პრობლემა იქმნება ოლქში, როგორც გარემოს განადგურების, ასევე მოსახლეობისთვის სახიფათო სიტუაციების შექმნის თვალსაზრისით.
დავით ზურაბიშვილმა დაასახელა რამდენიმე მშენებლობა, რომელთა გამო მოსახლეობა საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს, თუ დედაქალაის მერია სათანადი ყურადღებას არ მიაქცევს. ესენია:
1. ალექსიძის N1–ში მიმდინარე მშენებლობა, სადაც გზა ჩაინგრა ამ მშენებლობის გამო და დავიწროვდა.
2. ჩიქოვანის ქუჩაზე გაცემულია ნებართვა მრავალსართულიანი კორპუსის აშენებაზე. მოსახლეობის თქმით, ყოფილი საქვაბის ტერიტორიაზე, 250 კვ.მ ფართზე აპირებენ, ააშენონ ეს სახლი, რომელსაც ეზოც კი არ ექნება, მის გვერდით კი სკოლის შენობა მდებარეობს.
3.ფანასკერტელის ქუჩაზე N12ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი საბავშვო მოედნის ადგილას, ასევე იგეგმება მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა. მოსახლეობის განცხადებით N12ა კორპუსის მაცხოვრებლებს შეეძლებათ ახალი კორპუსის მობინადრეებს ხელიც კი ჩამოართვან, იმდენად ახლოს იგეგემება ამ საცხოვრებელი სახლის აშენება.
ზურაბიშვილმა კიდევ ერთი ინიციატივა გააჟღერა. მისი თქმით, როდესაც ქალაქ თბილისის მუნიცპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში რომელიმე ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე იქნება მსჯელობა, ამ სხდომაზე ოლქის მაჟორიტარის დასწრება სავალდებულო გახდეს.
"გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემაზე იღებს დედაქალაქის მერია. მოსახლეობას და მაჟორიტარს ამ დროს საქმის კურსში არავინ აყენებს, შემდეგ კი – ყველა უცებ დგება ფაქტის წინაშე, როცა მშენებელი კომპანია იწყებს სამშენებლო სამუშაოებს. შესაბამისად, ეს გაურკვეველობა იწვევს სწორედ მოქალაქეების პროტესტს. რამდენადაც საკრებულოს დეპუტატს აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა თემაზე, რაც ხდება მის საარჩევნო ოლქში, მოსახლეობაც მას აკითხავს პრობლემების მოსაგვარებლად.
ჩემს შემთხვევაშიც იგივე ხდება, მაგრამ აღმოჩნდება ხოლმე, რომ არ ვარ ინფორმირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ. სწორედ ამიტომ ვითხოვ, მაჟორიტარები დაგვასწრონ იმ სხდომებზე, სადაც განხილვა ხდება. ამ საკითხის გადაწყვეტას რაიმე საკანონმდებლო ინიციატივა არ სჭირდება, თავად დედაქალაქის მერიას შეუძლია, მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს მოგვცეს საშუალება უფრო ქმედითად ჩავერთოთ ჩვენი ოლქის პრობლემების მოგვარებაში!" – განაცხადა დოლიძე–ხილიანი–ბახტრიონის ოლქის მაჟორიტარმა პრესკონფერენციაზე.
მასალის გამოყენების პირობები






