როგორც პარტიები აცხადებნ, ისინი ამ საკითხზე ერთობლივი დოკუმენტის გამოქვეყნებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.
გარდა ამისა ოპოზიცია თვლის, რომ სავიზო ლიბერალიზაციის პარალელურად საქართველომ ევროკავშირის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.
თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ სავიზო ლიბერალიზაციას მხარს უჭერს.
„სავიზო ლიბერალიზაცია საქართველოს მოსახლეობისათვის არის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხი. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი იმყოფება ევროპაში, ან ოჯახის წევრი იმყოფება ევროპაში და მათ ძირითადად უწევთ არალეგალური გზით საზღვრის გადაკვეთა. თუმცა, იმავდროულად ვფიქრობ, დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას ის პოლიტიკური მოთხოვნები, რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოს მიმართ. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის დამოუკიდებლობა, საარჩევნო რეფორმა და კონსტიტუციური რეფორმა. საკითხი ასე არ უნდა დადგეს - ან სავიზო ლიბერალიზაცია ან პოლიტიკური მოთხოვნები. სავიზო ლიბერალიზაციას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვხსნით იმ პრეტენზიებს, რომელიც გვაქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ,“ - აცხადებს კახა კუკავა.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გოგნიაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის მისაღებად საჭიროა საქართველოს მთავრობამ და მათ შორის პოლიტიკურმა სპექტრმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს.
„ვიზალიბერალიზაციასმხარი ევროპამ და ევროკავშირმა მხარი რომ დაუჭიროს, ბუნებრივია ჩვენ გარკვეული ვალდებულებები გვეკისრება და ვიღებთ მათზე პასუხისმგებლობას. ეს შეეხება სასამართლოს რეფორმას, მედიის თავისუფლებას ადამიანის უფლებებს და სხვა მრავალ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლიც აუცილებელია იმისთვის რომ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ“ - აღნიშნა მან.
თავისუფალ დემოკრატები სავიზო ლიბერალიზაციას მხარს უჭერენ, თუმცა ახალი მემარჯვენეების ინიციატივა მათთვის გაუგებარია, რადგან ალასანიას გუნდს მსგავსი დოკუმენტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებული აქვს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტიების ერთობლივ მიმართვას უერთდება, რომელიც ევროპელი პარტნიორების სახელზე მზადდება და ვიზალიბერალიზაციის საკითხში საქართველოს მხარდაჭერის მოთხოვნას გულისხმობს.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბაშვილი აღნიშნავს, ენმ ამ განცხადების რეზოლუციის ფორმით პარლამენტში შეტანას აპირებს.
მემარჯვენეების ინციატივა შეაფასეს მმართველ გუნდშიც. საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის მიღების საკითხი რაიმე კონკრეტულ განცხადებაზე დამოკიდებული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






