“თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას ინფორმაციით, 15 კაციანი სია "ოცნების" შტაბიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციურ პარტიებს, ახალი საარჩევნო ოლქების საზღვრების პრეზენტაციასთან ერთად შეცდომით დაეგზავნათ.
ე.წ "ექსელის" დოკუმენტში გაკეთებული სიიდან ირკვევა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარები აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ინტელექტ-კლუბის წევრები იქნებიან. სიაში შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეც მოხვდა, რომელიც კენჭისყრას ოზურგეთში გეგმავს, დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია ხობის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდება.
მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მოქმედი კანონმდებლებიც არიან - "ოცნების" რჩეულია მანანა კობახიძე, ასევე სკანდალურად ცნობილი - თამაზ მეჭიაური, რომელიც კენჭს თეთრიწყაროში იყრის. ირაკლი ტრიპოლსკი (გარდაბანი) და დიმიტრი ხუნდაძე (ბოლნისი).
ამბროლაურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი - თეიმურაზ ჭკუასელი იქნება. ბათუმში - ბადრი ნაკაშიძე. გრაფაში ზესტაფონი - მითითებულია გიორგი კახიანის სახელი და გვარი.
ამავე სიის მიხედვით, გოჩა ენუქიძე, თერჯოლის მაჟორიტარი უნდა გახდეს.
დმანისი - კახა ოქრიაშვილი, ლაგოდეხი - გელა სამხარაული ან გიორგი უძილაური, მარნეული (იყოფა 2 ოლქად) - გიორგი მოსიძე და დავით ბეჟუაშვილი, საგარეჯო - მირიან ნიკოლაძე, წყალტუბო - ივანე ჩუბინიძე.
2016 წლის არჩევნებზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატების სიის შესახებ დღეს კომენტარები დოკუმენტში ნახსენები პირების გარდა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმაც გააკეთა.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ოცნების" შტაბიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციურ პარტიებს, ახალი საარჩევნო ოლქების საზღვრების პრეზენტაცია გაუგზავნა და არა მაჟორიტარიტართა კანდიდატები სიები.
„გაგზავნილია ოლქების საზღვრების პრეზენტაცია, ეს თვითონ გავაკეთე“, - აცხადებს კობახიძე, რომელიც ადასტურებს რომ აღმასრულებელი ორგანოდან პარლამენტში რამდენიმე კადრის გადანაცვლება ნამდვილად იგეგმება.
მისი თქმით "ქართული ოცნება" განახლებასაც გეგმავს და ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან მართავენ.
მართალია ამ უკანასკნელს არ დაუსახელებია კონკრეტული გვარები, თუმცა ოცნების სიიდან თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს „რა, სად, როდის“ წამყვანი გიორგი მოსიძე. „ბატონ წამყვანს“ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.
რაც შეეხება მაჟორიტართა რიგებში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრების, (კახა ოქრიაშვილი, გოჩა ენუქიძე, დავით ბეჟუაშვილი) აღმოჩენას ამას „ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ.
თუმცა იდეას ყავს მოწინააღმდეგები, მანანა კობახიძესა და დიმიტრი ხუნდაძის სახით, ოცნების წევრებს ყოფილ ნაციონალებთან ერთ პარტიაში ყოფნა ვერ წარმოუდგენიათ.
უმრავლესობაში რაც დანამდვილებით იციან ეს არის, რომ 2012 წელთან შედარებით ოცნების პარტიული სია მნიშვნელოვნად შეიცვლება. უმრავლესობის წევრები არ გამორიცხავენ, რომ სიის ფორმულირებაში ბიძინა ივანიშვილი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
ცნობისთვის, „ნიუპოსტი“ ჯერ კიდევ 24 სექტემბერს წერდა, რომ „ქართული ოცნების“ სიაში მოქმედი დეპუტატების 90% ვერ მოხვდებოდა.
მაშინ სარწმუნო წყარო გვიყვებოდა, რომ საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს სამუშაო მაგიდაზე ის სია ედო, რომლითაც „ქართული ოცნება“ 2016 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
და ბოლოს, შევა თუ არა ჩიხში დღეს გავრცელებული სკანდალური სიის გამოქვეყნების შემდეგ საარჩევნო სისტემის ცვლილების ირგვლივ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციიას შორის დაწყებული მოლაპარაკებები უცნობია. ცნობილია ის, რომ ინტერპარტიული ჯგუფი 2016 წელს საარჩევნო სისტემაში ცვლილებების დათმობას არ აპირებს. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით, ოპოზიციამ პარლამენტში 240 ათასი ხელმოწერა წარადგინა.
დავით ჯაბაშვილი

მასალის გამოყენების პირობები






