როგორც თემის კომენტირებისას ფონდის ერთ-ერთმა აქტიურმა სახემ, პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ "ნიუპოსტს" განუცხადა, "გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება".
საპირისპიროს ამტკიცებს ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი.
მისი ინფორმაციით, ბურჭულაძის ფონდში დავითაშვილის გამოჩენა "უტყუარი წყაროდან" გაიგო.
“რა საოცარია ყოველივე ის რაც ხდება პოლიტიკურ კულუარებში-ჭადრაკის დაფაზე…
დღეს გაირკვა რომ ერთერთი პირველი პოლიტიკოსი რომელიც ბნ ბურჭულაძესთან ”ამოყოფს თავს” არც მეტი არც ნაკლები ყველასთვის კარგად დავიწყებული კობა დავითაშვილი იქნება.
მე პირადად ეს სიტუაცია საერთოდ არ მაღელვებს უბრალოდ დავწერე ის რა ინფორმაციაც გავიგე უტყუარი წყაროდან. გულით ვუსურვებ წარმატებებს. მე პირადად ყველა მირჩევნია ოღონდ ნაცი არა!
ps ისე რა ”საინტერესო” სანახავი იქნება დავითაშვილი და ”გირჩები” ერთად…” ამბობს ლადო სადღობელაშვილი.
"ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა, რომელიც პარლამენტის წევრი კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიით გახდა, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება 2013 წლის 2 აგვისტოს გააკეთა.
დეოუტატმა მაშინ გადაწყვეტილების არგუმენტად, სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას მიმართ გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილება დაასახელა.
"საქართველოში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. დღევანდელ ლოიალურ შეფასებებს ხვალ მოჰყვება მერაბიშვილის გამართლება", - აცხადებდა კობა დავითაშვილი.
მისთვის მიუღებელი იყო უმრავლესობის ქმედებები შრომის კოდექსთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა საკითხებთან მიმართებაში:
"სისტემატიურ უთანხმოებას ვხედავ ჩვენს შორის, ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას" - განაცხადა დავითაშვილმა.
უმრავლესობიდან წასვლამდე დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დავითაშვილი გააკრიტიკა:
"დავითაშვილი მუდამ ახერხებს გარედან რაღაც ინფორმაციის შემოტანას. თანაც არაფერს არ ეფუძნება ის, რასაც აკეთებს დავითაშვილი. ძალიან საწყენი იყო, რომ მან ეს გააკეთა. მე მას ავუხსენი, რომ თუ მას გუნდში დარჩენა სურს, რაღაც ანგარიში უნდა გაუწიოს მას. პირველი ინფორმაცია მაინც გუნდში გააჟღეროს და არა გარეთ. ელემენტარული წესები არსებობს ყველაფერში" - ასე გაკიცხა მაშინდელმა პრემიერმა დავითაშვილი.
კობა დავითაშვილი ქართულ პოლიტიკას ემშვიდობება და განმარტავს, რომ პოლიტიკოსი პოლიტიკაში მაშინ უნდა იყოს, როცა მას მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს.
დავითაშვილმა პოლიტიკაზე ერთ-ერთი განცხადება 2013 წლის 30 ოქტომბერს გააკეთა და განაცხდა, რომ დეპუტატის მანდატზე უარს ვერ იტყვის, რადგან მისი თქმით, ეს მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
ბოლო ორი წელია დავითაშვილი დადებულ პირობას ასრულებს და ამ ხნის განმავლობაში პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივებით არ შესულა, დეპუტატი არც კენჭისყრებში იღებს მონაწილეობას.
კობა დავითაშვილი ამბობს, რომ ილუზიებში ცხოვრებას, ურჩევნია მწარე სიმართლეს თვალებში ჩახედოს.
"ქართული პოლიტიკა ბიზნესად იქცა, მე არ ვარ ბიზნემენი და წარმატების იმედიც არ მაქვს, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება"- აცხადებს დავითაშვილი.
რაც შეეხება პაატა ბურჭულაძესთან შესაძლო ალიანსს, დავითაშვილს ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. დეპუტატი არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.
მასალის გამოყენების პირობები






