დავით ბაქრაძის განცხადებით ვიზალიბერალიზაციის დადებით გადაწყვეტილებასთან ერთად ბრიუსელიდან მოდის ძალიან მკაფიო სიგნალები ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დაცვასთან და გაძლიერებასთან დაკავშირებით. როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს შესაძლოა ხელი შეუშალოს ხელისუფლების მხრიდან ისეთმა ნაბიჯებმა, როგორსაც ადგილი ცოტა ხნის წინ „რუსთავი2“- თან დაკავშირებით ქონდა:
„ორი მთავარი მესიჯი შეიძლება გამოიყოს ამ შეხვედრიდან, პირველი ძალიან დადებითი, რომ ევროკავშირი მზად არის ვიზალიბერალიზაციისთვის და თუ საქართველოში არ მოხდა რაიმე გაუთვალისწინებელი რამე, ისეთი რასაც ცოტა ხნის წინ ადგილი ქონდა „რ2“-თან მიმართებაში, დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება დადებითი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. მეორე სიგნალი არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის დადებით გადაწყვეტილებასთან ერთად ბრიუსელიდან მოდის ძალიან მკაფიო სიგნალები ხელისუფლების მისამართით, რომ ევროპული საქართველო ნიშნავს უფრო დემოკრატიულ საქართველოს, ნიშნავს საქართველოს, სადაც არ ხდება ოპოზიციური არხების დევნა, ოპოზიციის წევრების დევნა და პოლიტიკური დაპატიმრება. ამიტომ ამ ორი სიგნალის კომბინაცია, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ვიზალიბერალიზაცია და საქართველო უნდა იყოს უფრო დემოკრატიული , არის ის, რაც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს და ევროპულ ინტეგრაციას“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ენმ-ს საგარეო მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით საქართველოსთვის გარდამტეხი მომავალი 6 თვე და საარჩევნო პერიოდი იქნება, როდესაც ტექნიკური შეფასების შემდეგ ჯერი პოლიტიკური გადაწყვეტილებაზე დადგება. ბოკერიას თქმით, აღნიშნულ პერიოდში საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია იმისთვის, რომ მთავრობას არ მიეცეს საშუალება გადადგას ისეთი მაბიჯები, რომელიც საქართველოს მომავალს საფრთხის წინაშე დააყენებს:
„იოჰანეს ჰანი არის საქართველოს ძალიან დიდი ხნის მეგობარი, სხვათა შორის არის ჩვენი პოლიტიკური ოჯახის, ანუ სახალხო პარტიის წევრი. ის არის ერთერთი მთავარი ფიგურა, რომელიც წინ წევს ამ პოლიტიკურ დღის წესრიგს : საქართველოსთვის ახლა უვიზო მიმოსვლის მიღებას, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას და საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც ჩვენი საბოლოო ამოცანაა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში დადებითი პასუხი იქნება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ შემდეგი 6 თვის განმავლობაში პოლიტიკური პროცესი გრძელდება და შემდეგაც, მთელი საარჩევნო პერიოდი და არჩევნები იქნება საქართველოსთვის გარდამტეხი, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ჩვენი ისტორიული ამოცანის შესრულებისთვის. ამიტომ ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ ივანიშვილის მთავრობას არ გადავადგმევინოთ ისეთი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მომავალს საფრთხის წინაშე დააყენებს. სამწუხაროდ ამის ალბათობა ყოველთვის არსებობს, თუ გავიხსენებთ ხელისუფლების მიერ ცოტა ხნის წინ „რ2“-ის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს. საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ეს აღარ განმეორდეს, მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და ივანიშვილის რეჟიმი მშვიდად გადავირჩიოთ და გავაგრძელოთ გზა ჩვენი ევროპული მომავლისკენ“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






