საქართველოს პრეზიდენტი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ამ წუთებში დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ექსპერტებს ხვდებიან. საქართველოს პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ევროპის სამეზობლო თანამშრომლობისთვის საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო სამეზობლო არეალისთვის ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს და ამ შესაძლებლობების განვითარებისა და განმტკიცების პოლიტიკას ახორციელებს:
„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს თანამედროვე ევროპულ სამეზობლოში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ მნიშვნელოვან განვითარებას, რომელსაც საქართველო ამ თვალსაზრისით ახორციელებს. პირველ რიგში, ეს არის საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია, რადგან ჩვენი ქვეყანა ერთმანეთთან უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ არეალებს აკავშირებს. ეს არის ის პროექტები, რომელშიც საქართველო თავისი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩართული. ეს არის ენერგომატარებლების პროექტი. ეს არის სატრანსპორტო პროექტები, რომლებიც რეალურად კასპიის ზღვას აკავშირებენ შავ ზღვასთან. სწორედ, ამ ფუნქციიდან გამომდინარე საქართველო ევროპისა და მისი სამეზობლო არეალისთვის ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს და ამ შესაძლებლობების განვითარების და განმტკიცების პოლიტიკას ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვსარგებლობთ თავისუფალი ვაჭრობით არამხოლოდ ევროპასთან, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან და თურქეთთან. ესეც თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვან არეალს ქმნის. ასეთი ლიბერალური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ვაღრმავებთ, ასევე მნიშვნელოვანია ევროპის სამეზობლო თანამშრომლობისათვის.
ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით მუშაობა და ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში ძალიან აქტიურია შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყება.
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ასევე სამაგალითოა ბიზნესკლიმატის თვალსაზრისით. ეს ბიზნესკლიმატი გამოიხატება ჩვენს ლიბერალურ სავაჭრო პოლიტიკაში, ეს ბიზნესკლიმატი გამოიხატება დაბალ გადასახადებში, ეს ბიზნესკლიმატი გამოიხატება კორუფციის დაბალ დონეში, კრიმინალის დაბალ დონეში და აგრეთვე იმ მაღალ რეიტინგებში, რომელიც ჩვენ გვაქვს ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით.
ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერისთანავე საქართველოს პოლიტიკა სამეზობლო თანამშრომლობების გაღრმავება იყო.
თუ შევხედავთ ჩვენს თანამშრომლობას სხვა გეოპოლიტიკური ბლოკის ქვეყანასთან, მაგალითად სომხეთთან, ვნახავთ, რამდენად აქტიურად ვმუშაობდით, რომ ჩვენი ევროპის ნაწილად ყოფნა და სომხეთის ევრაზიულ კავშირში სავაჭრო თვალსაზრისით გაერთიანება არ ყოფილიყო ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებისათვის ხელისშემშლელი წინაპირობა" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას
მასალის გამოყენების პირობები






