„2015 წლის გამოკითხვის ზოგიერთი მიგნებაა: საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირი დემოკრატიასთან ასოცირდება. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებებს, რომ ევროკავშირი მშვიდობისა და უსაფრთხოების წყაროა ევროპაში და რომ ესაა დემოკრატიული გაერთიანება, რომელიც მის არაწევრ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს.
საქართველოს მოქალაქეებმა 2015 წელს უფრო მეტი იციან ევროკავშირის შესახებ ვიდრე 2009 წელს იცოდნენ. თუმცა, საყურადღებოა, რომ მოსახლეობის ცოდნის დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია ისეთი საკითხების თაობაზე, როგორებიცაა ევროკავშირის ინსტიტუტები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმებები და ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული კონკრეტული პროექტები.
როგორც მოსალოდნელი იყო, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ცოდნის დონე ძალიან განსხვავებულია ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის. ამ კუთხით, განსაკუთრებით თვალში საცემია განსხვავებები თბილისის მოსახლეობასა და თბილისს გარეთ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის.
საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა თვლის, რომ ევროკავშირის შესახებ საკმარის ინფორმაციას არ იღებს. კერძოდ, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ ისურვებდა ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
მოქალაქეთა უმრავლესობის აზრით, სწორედ ევროკავშირს შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებზე და რუსეთზე უკეთ დაეხმაროს საქართველოს. თუმცა, ამ მოსაზრებას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი არ იზიარებს.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანას სჭირდება ის დახმარება, რომელსაც მას ევროკავშირი უწევს. თუმცა, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების ძირითად მიმღებად მოსახლეობა ქართველ მაღალჩინოსნებს მიიჩნევს და არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ეს დახმარება ყოველთვის მიზნობრივად იხარჯება“, - ნათქვამია კვლევაში.
მასალის გამოყენების პირობები






