რამდენად რეალურია ტერორიზმის საფრთხე საქართველოსთვის, რომელიც ისლამური სახელმწიფოსგან მოდის. ის, რომ ტერორიზმის საფრთხე ყოველთვის არსებობდა, ამას ადასტურებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც ,,ნიუპოსთან“ ამბობს, რომ საფრთხე იქნება მანამ, სანამ ასეთი ტერორისტული ორგანიზაციები იარსებებენ. დიმიტრი შაშკინი ქართული კონტრდაზვერვის პროფესიონალური შესაძლებლობების სიმწირეზე ამახვილებს ყურადღებას და რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს, რომელიც ტერორიზმის საფრთხის პირობებში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გასათვალისწინებელი იყო, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაზვერვითი ინფორმაციის გაცვლის კუთხით ხელშეკრულება, რომელზედაც მოლაპარაკებები 2012 წელს წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო და რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში აღარ განხორციელდა. შაშკინი ამის ერთ-ერთ მიზეზად დაზვერვითი ინფორმაციის გაცვლის კუთხით რუსეთის ფედერაციასთან დადებულ ხელშეკრულებას ასახელებს.
_ის საშიშროება, რომელიც მოდის ,,ისლამური სახელმწიფოსგან“, არის აბსოლუტურად რეალისტური და საფრანგეთის და ბელგიის ბოლო მოვლენებიც ამას უსვამს ხაზს. ყველაზე ცუდი ამ ფონზე არის ის, რომ გამოდიან ვაი-პოლიტიკოსები და ამბობენ, რომ სირია ჩვენგან შორს არის, ეს არ არის ჩვენი ომი, ჩვენ საშიშროება არ გვემუქრება და ა.შ. არ შეიძლება საფრთხე ასეთი კუთხით იყოს შეფასებული, როგორც აღვნიშნე, საფრთხე არის რეალური, მე არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს საფრთხეები ყოველთვის არსებობდა და მანამ, სანამ ასეთი ტერორისტული ორგანიზაციები იარსებებენ, ბუნებრივია, საქართველო, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, იქნება საფრთხის ქვეშ. ამიტომ ამ საკითხს მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ თითოეული ჩვენგანი - საზოგადოება, პოლიტიკოსები, ხელისუფლება, თუნდაც იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევებს ხვდება ძალიან დასუსტებული.
_რას გულისხმობთ?
_საქართველოს კონტრდაზვერვის ელიტარული ოფიცრები დღეს ციხეში იმყოფებიან, ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა საქართველოს უსაფრთხოებას. მაგალითად, ლევან ტაბიძე იხდის სასჯელს ჰაერიდან შექმნილი ბრალდებით. ეს არის ადამიანი, რომელზეც დიდწილად იდგა ქვეყნის კონტრდაზვერვის სამსახური. ციხეში არიან მისი მეგობრებიც, ასევე დასუსტებულია კონტრდაზვერვის სამსახური, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა, რადგან მთლიანად შეიცვალა ხელმძღვანელობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდ ინვესტიციას დებდა პროფესიონალიზმის განვითარების კუთხით. ეს ხალხი უკვე აღარ არის. იქ არიან ახალი ადამიანები, რომლებიც ბუნებრივია, განიცდიან გამოცდილების ნაკლებობას.
და ბოლო რასაც გამოვყოფ, სამ წელზე მეტი გავიდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და ბოლომდე არ მივიდა ის საქმე, მოლაპარაკებები, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაზვერვითი ინფორმაციის გაცვლის კუთხით. ასეთივე ხელშეკრულება აშშ-ს მაგალითად აქვს იორდანიასთან, ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი უსაფრთხოების. ჩემი ვიზიტი 2012 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სწორედ ამაზე იყო გათვლილი, რომ ის დაზვერვითი ინფორმაცია, რომელსაც აშშ ფლობს და რომელიც ეხება კავკასიას, ხვდებოდეს საქართველოში. ეს მოლაპარაკებები სამწუხაროდ, ჯერ შეჩერდა და მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთი წლის წინ გავაფორმეთ ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასთან დაზვერვის ინფორმაციის გაცვლის კუთხით, ეს იყო, როცა ჩვებმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რუსეთთან ხელი მოეწერა დაზვერვითი ინფორმაციის გაცვლაზე, სწორედ ამ ფონზე აშშ-მ საერთოდ გააუქმა მოლაპარაკება, რომელსაც ჩვენ წინა ხელისუფლების პირობებში ვაწარმოებდით.
_ანუ, ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებისგან დაზვერვითი ინფორმაცია არ გაგვაჩნია...
_არა, ეს არ გაგვაჩნია. როგორც გითხარით, თითქმის ფინალში ვიყავით გასული და 2012 წლის დეკემბერში ვაპირებდით ხელშკრულების გაფორმებას, რომელიც ათჯერ გაზრდიდა ჩვენს უსაფრთხოებას. ნებისმიერ ინფორმაციას მიიღებდით, რომელიც ეხებოდა კავკასიას და მოგეხსენებათ, რომ ჩვენი დაზვერვითი რესურსები ძალიან შეზღუდულია. ასეთი თანამშრომლობა მოგვცმდა შესაძლებლობას, რომ შემდეგ იგივე საკითხებზე გვესაუბრა მაგალლითად ისრაელთან. თუმცა ეს ყველაფერი წყალში ჩაყარა რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებულმა ხელშეკრულებამ. ჩვენ გვინდოდა იორდანიის ანალოგის გაკეთება. იორდანია არ არის ნატოს წევრი, მაგრამ აშშ-ს მასთან აღნიშნული ხელშეკრულება გააჩნია. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოეკიდოს სერიოზულობით ამ პრობლემას, რაც ეხება ტერორისტულ საფრთხეებს.
მასალის გამოყენების პირობები






