როგორც "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ „ნიუპოსტს“ განუცხადა, ინტერპარტიული ჯგუფის წევრები 2016 წლისთვის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნის დათმობას არ აპირებენ, თუმცა გარკვეულ ვარიაციების შეტანა აქაც შესაძლებელია.
,,ინტერპარტიული ჯგუფი და არასაპარლამენტო ოპოზიცია ყოველთვის მზად იყო და დღესაც აცხადებს მზაობას, თუ ხელისუფლებას აქვს ამის სურვილი, რომ გამართოს კონსულტაციები და შევიდეს დიალოგში იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ. თუმცა ეს არ უნდა იყოს დიალოგი დიალოგისვთის, არამედ ეს უნდა იყოს ორიენტირებული შედეგზე. ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, მაგრამ ის, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ეს ამ ნაწილს არ ეხება. თუმცა რაღაც ვარიაციებზე და კონკრეტიკაზე საუბარი შესაძლებელია. ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაზე, რომ ჩავიკეტოთ ჩვენს ნაჭუჭში და არ ვისაუბროთ პოლიტიკურ მოთამაშეებთან.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ საარჩევნო კოდექსში არის ნაწილი, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვს და არის ნაწილი, რომლის ცვლილებაც შეიძლება განხორციელდეს საარჩევნო კოდექსში. ამ თემებზე დიალოგი ყოველთვის არის შესაძლებელი. სხვა მხრივ რამდენად არის ხელისუფლება მზად კომპრომისებისთვის, ეს უცნობია. ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა პარლამენტში 240 ათასი ხელმოწერით წარადგინა. ეს არის ჩვენი ერთიანი პოზიცია და სხვა შეთანხმება ოპოზიციაში არ ყოფილა. როგორც ვიცი, გუშინ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მზად არიან დიალოგისთვის. ჩვენც მზად ვართ დიალოგისთვის და კონსულტაციებისთვის, მაგრამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის სისტემა, რომელიც დღეს მუშაობს უნდა იყოს რეფორმირებული. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სისტემა იყოს სრულიად პროპორციული. თუმცა არსებობს გარკვეული ვარიაციები და მასზე შესაძლებელია მსჯელობა“ - აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






