_...ბატონო კოტე, ფიქრობთ, მოსამართლე ურთმელიძე, ,,რუსთავი 2''-თან დაკავშირებით, ,,ოცნების'' დაკვეთას ასრულებდა?
_ ჯერ იმას გეტყვით, რომ მოსამართლეებმა ძალიან კარგად იგრძნეს, რას ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობა და ყველაფერზე, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც მეტყველებს _ ისინი ძალიან მყარად დადგნენ და აჩვენეს, ჩვენ მოსამართლეები ვართ და ობიექტურ გადაწყვეტილებებს მივიღებთო, მაგრამ ის ევერ იქნებოდა, რომ რამდენიმე მოსამართლეს ეს პრობლემა არ შექმნოდა. რამდენიმე მოსამართლეს ეშინოდა, ვაიმე, გამიშვებენო.
_ თქვენს დროსაც ხომ იყვნენ შეშინებული მოსამართლეები, რომლებიც დავალებებს ასრულებდნენ?
_ დიახ, მაგრამ უმრავლესობას არ ეშინოდა. ახალი ხელისუფლების დროს, ერთმა მოსამართლემ, რომლის ხელახლა დანიშვნის საკითხს ვიხილავდით, გასაუბრებაზე განაცხადა, მოსამართლე ათი წელი კი ვიყავი, მაგრამ დამოუკიდებლობას ვერ შევძლებ, მოსემ ხალხი, მონობას რომ გადაჩვეულიყო, 40 წელი ატარა და ვეთანხმები, რომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დამნიშნოთო.
_ ანუ, აღიარა, რომ ნაცების დროს მონა იყო?
_ ასე თქვა და ვერ მივხვდი, სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მონიდან დამოუკიდებელ მოსამართლედ როგორ გადაიქცეოდა ანუ მისი ფსიქოლოგია ასეთი იყო და ჩვენი შეცდომაც სწორედ ის გახლდათ, რომ სამწუხაროდ, ასეთებიც გვყავდნენ. რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითს, არ მინდა, მოსამართლეზე რამე ვთქვა, მაგრამ ამ საქმეში მხარს მთლიანად ,,რუსთავი 2''-ს ვუჭერ, როგორც დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელეკომპანიის შენარჩუნებას. საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტ ვარ _ ადამიანის ძირითადი უფლებების სფეროში და მინდა, ყველამ იცოდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონკრეტული მედია ნაწილობრივ არაობიექტურია, სახელმწიფო მის მუშაობაში არ უნდა ჩაერიოს. პრობლემა არაა, თუ მედია მეტ-ნაკლებად სუბიექტურია...
_ მედიის მუშაობაში თქვენი ხელისუფლება არ ერეოდა?
_ რა თქმა უნდა, ერეოდა.
_ მერე, რატომ არ აპროტესტებდით?
_ როგორ უნდა გამეპროტესტებინა? იმ საკითხებში არ ვერეოდი, რომელიც ხელისუფლების სხვა შტოებს ეხებოდა. ეს პოლიტიკური ხელისუფლების საქმე იყო.
_ გავიგე, მაგრამ როგორც მეგობარი, არ ურჩევდით?
_ მათთან ამ საკითხებზე შეხება არ მქონია. თუ საქმე სასამართლოში მოვიდოდა, სასამართლოს, ბუნებრივია, თავისი სტანდარტებით უნდა განეხილა.
მასალის გამოყენების პირობები






