როგორც "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ „ნიუპოსტს“ განუცხადა, ინტერპარტიული ჯგუფის წევრები 2016 წლისთვის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნის დათმობას არ აპირებენ, თუმცა გარკვეულ ვარიაციების შეტანა აქაც შესაძლებელია.
ინტერპარტიული ჯგუფი და არასაპარლამენტო ოპოზიცია ყოველთვის მზად იყო და დღესაც აცხადებს მზაობას, თუ ხელისუფლებას აქვს ამის სურვილი, რომ გამართოს კონსულტაციები და შევიდეს დიალოგში იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ. თუმცა ეს არ უნდა იყოს დიალოგი დიალოგისვთის, არამედ ეს უნდა იყოს ორიენტირებული შედეგზე. ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, მაგრამ ის, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ეს ამ ნაწილს არ ეხება. თუმცა რაღაც ვარიაციებზე და კონკრეტიკაზე საუბარი შესაძლებელია. ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაზე, რომ ჩავიკეტოთ ჩვენს ნაჭუჭში და არ ვისაუბროთ პოლიტიკურ მოთამაშეებთან.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ საარჩევნო კოდექსში არის ნაწილი, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვს და არის ნაწილი, რომლის ცვლილებაც შეიძლება განხორციელდეს საარჩევნო კოდექსში. ამ თემებზე დიალოგი ყოველთვის არის შესაძლებელი. სხვა მხრივ რამდენად არის ხელისუფლება მზად კომპრომისებისთვის, ეს უცნობია. როგორც ვიცი, გუშინ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მზად არიან დიალოგისთვის. ჩვენც მზად ვართ დიალოგისთვის და კონსულტაციებისთვის, მაგრამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის სისტემა, რომელიც დღეს მუშაობს უნდა იყოს რეფორმირებული.
ჩვენი მოთხოვნაა, რომ სისტემა იყოს სრულიად პროპორციული. თუმცა არსებობს გარკვეული ვარიაციები და მასზე შესაძლებელია მსჯელობა“ - აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
როგორც გაირკვა ინტერპარტიული ჯგუფის წევრები ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად ორ მოდელს სთავაზობენ.
როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მამუკა კაციტაძემ განმარტა, მათ მიერ შემუშავებული მოდელი მანდატების მოპარვის საშუალებას არ მისცემს ხელისუფლებას.
„ორი ახალი წინადადებაა. ერთი გერმანული მოდელია, რჩება თანაბარ ოლქებში ერთმანდატიანი მაჟორიტარი, ოღონდ მანდატები ნაწილდება მიღებული პროპორციული ხმების შესაბამისად. ასეთ პირობებში ხელისუფლებას მანდატების მიტაცების საშუალება აღარ აქვს.
მეორე ოლქი კეთდება მრავალმანდატიანი. მაგალითად, კახეთს 6 მანდატი აქვს. კენჭი ეყრებათ მაჟორიტარებს და პირველ 6 ადგილზე გასული ადამიანი იღებს მანდატს. მოქალაქეებს ეყოლებათ 6 მაჟორიტარი. ხმები სამართლიანად ნაწილდება“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
„ბრძოლა გრძელდება, ხედავთ, რომ ამ მოთხოვნით ერთი ნაწილი შიმშილობს, მეორე ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტშია, მესამე ნაწილი არჩევნებს უცხადებს ბოიკოტს, მეოთხე ნაწილი ახალი ბოიკოტისთვის ემზადება, ბოლოს ეს ყველაფერი იქნება კონსოლიდირებული“ - აღნიშნა კაციტაძემ.
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას" ენმ ორ მოთხოვნას აყენებ: "პირველი მაჟორიტარული სისტემა დღევანდელი სახით არ უნდა არსებობდეს. მეორე ცვლილებები უნდა მოხდეს დღეს და არა მომდევნო არჩევნებისთვის" - თქვა თემის კომენტირებისას ლევან თარხნიშვილმა.
„ეს წინადადება ითვალისწინებს შერეულ სისტემას. ანუ პროპორციულს და რეგიონალურ პროპორციულს სწორედ ამას ვემხრობით ჩვენც. თუმცა ამ სიტემის შიგნით არის შესაცვლელი რაღაცეები. ჩვენ გვაქვს ორი მოთხოვნა - პირველი მაჟორიტარული სისტემა დღევანდელი სახით არ უნდა არსებობდეს. მეორე ცვლილებები უნდა მოხდეს დღეს და არა მომდევნო არჩევნებისთვის,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
ინტერპარტიული ჯგუფის მიერ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ხელისუფლებისთვის გადაგზავნილ ორი ახალი ალტერნატიული წინადადებაზე მმართველ გუნდში კომენტარები არ გაკეთებულა.
ცნობილია, მხოლოდ ის, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შიდაპარტიული მსჯელობა პარლამენტში მიმდინარე კვირაში გაიმართება და იმ შემთხვევეაში თუ კომიტეტებში საარჩევნო კოდექსის შესახებ იმსჯელებენ მას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა ოპოზიციამ პარლამენტში 240 ათასი ხელმოწერით წარადგინა.
მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორიც.
მიმდინარე წლის 30 მაისს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული კონფერენციის მონაწილეებმა საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე დოკუმენტი გააფორმეს. შეთანხმებას ხელს რვა არასამთავრობო ორგანიზაციის და თოთხმეტი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აწერენ. ხელმომწერები საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ წინადადებით, გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.
რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას, "ქართული ოცნების" მის შეცვლას 2020 წლისთვის გეგმავს.
მმართველი ძალის გეგმის მიხედვით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო ოლქებს შორის თანასწორობის პრინციპის დაცვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპის საბჭოს „კარგი პრაქტიკის კოდექსის“ შესაბამისად, რომლის თანახმად, ნორმიდან დასაშვები გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს და არავითარ შემთხვევაში 15%-ს, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა.
მმართველი კოალიცია აღნიშნავს, რომ ოლქების გათანაბრება უზრუნველყოფს საპარლამენტო მანდატების განაწილებისას ამომრჩევლის ნების შესატყვისი შედეგის მიღებას და ამასთან, მაჟორიტარული არჩევნებისთვის დაწესდება 50%-იანი ბარიერი.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, კოალიცია ინიციატივის წესით დაუყოვნებლივ წარადგენს კონსტიტუციური კანონის პროექტსაც, რომლის თანახმად, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით. „საკონსტიტუციო უმრავლესობით კანონპროექტის მიღების უზრუნველსაყოფად, კოალიცია მზადაა აწარმოოს ღია კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ სხვა პარტიებთან.
მასალის გამოყენების პირობები






