„მე არ მომწონს, მთავრობა რომ იძახის: ყველაფერი კარგადაა, ეს არ მომწონს. ყველაფერზე გვეუბნება, რომ დღეს ეს კარგად არის, როცა კარგად ნამდვილად არ არის. ამაზე უმოქმედობა არ შეიძლება.“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „რუსთავი2“-ის გადაცემა „P.S”-ში.
პაატა ბურჭულაძემ ფონდის დაფინანსების საკითხებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ფონდის დაფინანსებაში რუსული ფული არ იყოს. ბურჭულაძე ირწმუნება, რომ ამჟამინდელ დაფინანსებაში რუსული ფული არ ურევია და ეს პირადად მისი ფულია.
ბურჭულაძემ „რუსთავი 2“-ის საკითხზეც გააკეთა კომენტარი და მედიის თავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„მე ტელევიზიებზე ზეწოლის მომხრე არ ვარ, ყველა ტელევიზია უნდა იყოს თავისუფალი, თუ არ იქნება აზრთა სხვადასხვაობა, მაშინ სიმართლეს ვერ მივიღებ, ერთი ტელევიზია ვთქვათ იძახის ერთ მხარეს, მეორე-მეორეს, მესამე მესდამეს და რაღაც საშუალოს ადამიანი გამოიტანს და გაიგებს მართლა რა ხდება.
ბურჭულაძე ლგბტ თემის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით ამ საკითხს ფაქიზი მიდგომა სჭირდება, მას ამ ადამიანების მიმართ არაფერი საწინააღმდეგოს თქმა არ შეუძლია, თუმცა როგორც ბურჭულაძე აცხადებს ერთი სქესის ადამიანთა შორის ქორწინების უფლებებზე ლაპარაკის დაწყება ადრეა.
„მე საზღვარგარეთ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და თეატრი არის ისეთი რამ სადაც ეს უმცირესობები არიან. მე მათ ძალიან კარგად ვიცნობ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან, მე ამ ადამიანების მიმართ არაფერი საწინააღმდეგოს თქმა არ შემიძლია. ძალიან კარგი პიროვნებები არიან, ამას ძალიან ფაქიზი მიდგომა უნდა. მე არ მომწონს ერთი რამ, რომ უკვე ჩვენთან უნდა დაინერგოს მათი ქორწინება, ეს ძალიან ადრეა და საქართველო ძალიან დიდი ხანი ვერ მივა მანდამდე.“- განაცხადა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძემ "საქართველოს განვითარების ფონდი" დაარსა და თავისი საოპერო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. ექსპერტები ბურჭულაძის ახალ ფონდს პოლიტიკურ პარტიად, ხოლო ცნობილ საოპერო მომღერალს პოლიტიკოსად გარდაქმნას უწინასწარმეტყველებენ.
მასალის გამოყენების პირობები






