,,ქართული ოცნება“ მოვიდა ხელცარიელი საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. მათ მოიტანეს ახალი საზღვრები ისევ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების, რაზეც პირდაპირ მიიღეს პასუხი, რომ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. მითუმეტეს არ გვაინტერესებს 2020-ში რა ხდება და ჩვენ მათ ვუთხარით, რომ მზად ვართ ვისაუბროთ სხვადასხვა ალეტრნატივებზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
როგორც "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს არ აქვთ პოლიტიკური ნება, რომ რადიკალური ცვლილებები განახორციელონ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მაჟორიტარული არჩევნები უნდა გაუქმდეს არა 2020 წელს, როგორც ამას უმრავლესობა აპირებს, არამედ საარჩევნო სისტემა პროპორციულით 2016 წელს უნდა შეიცვალოს.
"ის შემადგენლობა, ვისთანაც ჩვენ შეხვედრა გვქონდა მზად იყო მხოლოდ იგივე პრეზენტაციისთვის, რასაც ის თვების განმავლობაში აკეთებდა. უმრავლესობის ეს წევრები სხვა დამატებითი საკითხებისთვის მზად არ იყვნენ. ამ პრეზენტაციებში, ის სოლიდური ნაწილი, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებდა არ იყო წარმოდგენილი. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა იყო სწორედ საარჩევნო სისტემის შეცვლა. მაჟორიტარული სისტემა უნდა შეიცვალოდ არა 2020 - ში არამედ 2016 - ში. ჩემი გადაწყვეტილებით, პირადად მე სადისკუსიო ამ თემებთან, რაც "ქართულმა ოცნებამ" შემოგვთავაზა არაფერი მაქვს" - აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
"დემოკარტიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით კი ხელისუფლება საარჩევნო სისტემის შეცვლას არ აპირებს. დღეს წარმოდგენილ ლიდერებს კი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპეტენცია არ აქვთ.
"ისინი აცხადებენ, რომ არ არიან კომპეტენტურნი, გადაწყვიტონ ჩვენთან საუბრის, დიალოგის გამოცხადების უფლება. ძალიან არაადეკვატური სიტუაცია, როდესაც ამას რამდენიმე ვიცე-სპიკერი გეტყვის. ველოდებით იმ მითოლოგიურ პერსონაჟს რომელიც იტყვის რომ დიალოგის პროცესი წარიმართოს"- თქვა ახვლედიანმა.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამაც.
მისი თქმთ, "ხელისუფლება საქართველოს რეგიონების დაჩეხვას აპირებს".
კუკავას განცხადებით, "ხელისუფლებას სურს, რომ შევარდნაძე-სააკაშვილის დროს არსებული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს მომავალი არჩევნები".
"ეს არის საქართველოს რაიონების დაჩეხვა. საზღვრები იცვლება. მაჟორიტარები აღარ ეყოლება ონს, ლენტეხს, ხულოს, შუახევს, ლაგოდეხს. ასეთი არის 30-ზე მეტი რაიონი. მაჟორიტარი არ ეყოლება სამტრედიას და ამ სქემის მიხედვით სამტრედიელებს ალბათ გაუხარდებათ, რომ ნახევარი სამტრედია ხონს უერთდება, ნახევარი კი, ვანს", - განაცხადა კუკავამ.
"ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას თქმით, ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღწეული, რადგან "ქართული ოცნება" თავისი ძველი პოზიციით მოვიდა.
"დღეს იმაზე შევთანხმდით, რომ დიალოგი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე გავაგრძელოთ. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ერთმანეთი დავარწმუნოთ იმაში, რომ დღეს აუცილებელია საარჩევნო რეფორმა და არა კოსმეტიკური, არამედ რეალური საკვანძო ცვლილებები"- განაცხადა ბაღათურიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ბოლო რამდენიმე თქვეა აქტიურად ცდილობს.
მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორიც.
მიმდინარე წლის 30 მაისს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული კონფერენციის მონაწილეებმა საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე დოკუმენტი გააფორმეს. შეთანხმებას ხელს რვა არასამთავრობო ორგანიზაციის და თოთხმეტი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აწერენ. ხელმომწერები საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ წინადადებით, გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა ოპოზიციამ პარლამენტში 240 ათასი ხელმოწერით წარადგინა.
"ქართული ოცნების" გეგმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო ოლქებს შორის თანასწორობის პრინციპის დაცვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროპის საბჭოს „კარგი პრაქტიკის კოდექსის“ შესაბამისად, რომლის თანახმად, ნორმიდან დასაშვები გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს და არავითარ შემთხვევაში 15%-ს, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა.
მმართველი კოალიცია აღნიშნავს, რომ ოლქების გათანაბრება უზრუნველყოფს საპარლამენტო მანდატების განაწილებისას ამომრჩევლის ნების შესატყვისი შედეგის მიღებას და ამასთან, მაჟორიტარული არჩევნებისთვის დაწესდება 50%-იანი ბარიერი. „ქართული ოცნების“ განცხადებით, კოალიცია ინიციატივის წესით დაუყოვნებლივ წარადგენს კონსტიტუციური კანონის პროექტსაც, რომლის თანახმად, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით. „საკონსტიტუციო უმრავლესობით კანონპროექტის მიღების უზრუნველსაყოფად, კოალიცია მზადაა აწარმოოს ღია კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ სხვა პარტიებთან“ - აღნიშნავენ მმართველ კოალიციაში.
მასალის გამოყენების პირობები






