"წესიერად ილაპარაკე ბიჭო" "დაგიმტვრევ ცხვირს" "ცხვირსაც დაგიმტრევ და პირსაც" "მართლა წესიერად ახლა შენ, ნუ გადაი*ვი თავზე"-ეს და მსგავსი "მარგალიტები" უხვად იფრქვეოდა დღეს, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც "ნაციონალების" მხრიდან სხდომის დატოვების შემდეგ, მარტოდ დარჩენილი ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატები ადგილობრივი გადასახადის შემოღებას იხილავდნენ.
დეპუტატების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კი საკრებულო ამ საკითხს დაამტკიცებს, იმ ფერმერებს რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა რეფორმის შემდგომ შეიძინეს (2004 წლის 1 მარტი), ან იჯარით აქვთ აღებული და ეწევიან ფერმერულ ან სამეწარმეო საქმიანობას, წელიწადში 79 ნაცვლად 109 ლარის გადახდა მოუწევთ.
„მე იმიტომ ვარ აქ დეპუტატი, რომ ჩემი თანასოფლელების ინტერესი დავიცვა, რა ვუთხრა გლეხს, გადასახადი მოგიმატეს და მის დამტკიცებას მხარი დავუჭირეთო. არასწორი გადაწყვეტილებაა ეს და არ ვუჭერთ მხარს. არის ეს სწორი გადაწყვეტილება საკრებულოს მხრიდან, ნაცვლად იმისა, რომ გლეხებს ხელი შევუწყოთ, გადასახადს ვუმატებთ?! კატეგორიულად ვეწინაღმდეგები ამ საკითხის გასვლას.“ - განცხადა ასკანის სოფლის დეპუტატმა.
საკრებულოს სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე, დეპუტატების წინააღმდეგობის მიუხედავად საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მაინც დაიწყო. დეპუტატების ნაწილი კი თვლის, რომ ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე რეალურად ჩავარდა.
„ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა, ვინ დაუჭირა მხარი ამ საკითხს მაინტერესებს. ადგეს ფეხზე და თქვას. სად ესწრებოდა სხდომას 25 წევრი? ხალხი ხელფასს ღებულობთ და თვლა არ იცით. ეს არის თქვენი საკრებულო, რაც არ მითქვამს იმასაც ვიტყვი და გავასაჯაროებ, თუ როგორ ღებულობთ დადგენილებებს და ოქმებს. “ - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა, ლელა ნეცვალაძემ.
საკრებულო თავმჯდომარის დავით დარჩიას განცხადებით, აღნიშნული აქტი მიღებულად ითვლება. დარჩიას თქმით, საკრებულოს სხდომას დეპუტატები უნებართვოდ არ უნდა ტოვებდნენ.
„დეპუტატი რომელიც მოდის საკრებულოს სხდომაზე, კეთილი უნდა ინებოს და ბოლომდე დაესწროს სხდომას. რაც შეეხება ამ საკითხს, გეტყვით, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე, რომლიც „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ეხება, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 25 წევრმა, მხარი დაუჭირა 14 დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა 11. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე -7 მუხლის, მე-8 პუნქტის თანახმად ნორმატიული აქტი მიღებულად ითვლება. ეს კი ნიშნავს აღნიშნულ საკითხზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო“. - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, არჩილ ყაზაიშვილი თქმით, ამ დადგენილების მიღებით მუნიციპალიტეტის მიზანია ადგილობრივი შემოსავლების გაზრდა, ვინაიდან ძირითადი შემოსავალი სწორედ ქონების გადასახადია.
„ამ დადგენილების მიღებით მუნიციპალიტეტის მიზანია ადგილობრივი შემოსავლების გაზრდა, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ჩვენი ძირითადი შემოსავალი ქონების გადასახადია. მაგრამ, მეორე მნიშვნელოვანი მიზანი არის ის, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეებს (მეწარმეებს) უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდეთ მიწის დამუშავების და ამით შემოსავლის გაზრდის. ბუნებრივია, ეს პირდაპირპროპორციულია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული 5 ჰა-მდე სასოფლო სამეურნეო მიწა გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან. ამდენად, გადასახადის გაზრდა ეხება იმ ფერმერებს, რომლებმაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა რეფორმის შემდგომ შეიძინეს (2004 წლის 1 მარტი), ან იჯარით აქვთ აღებული და ეწევიან ფერმერულ ან სამეწარმეო საქმიანობას.“ - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, არჩილ ყაზაიშვილმა.
თეა იოსელიანი- გურია
მასალის გამოყენების პირობები






