საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ საკრებულოს უმრავლესობაში თბილისის მერის იმპიჩმენტის საკითხი აქტიურად განიხილება.
მისი თქმით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს უმცირესობასა და უმრავლესობაში ერთიანი პოზიციაა.
„გუშინ სასიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ თითქმის არ იყო დისონანსი კრიტიკულად განწყობილ დეპუტატებსა და „ქართული ოცნების“ დეპუტაციას შორის, რადგან რაზეც მე ან სხვა ვსაუბრობდით, ამას ადასტურებდა „ოცნებაც“. ნარმანიას თავს, რომ იმპიჩმენტის შავი ღრუბლები გროვდება, ეს ფაქტია. ეს არის ეფექტური მიზეზი იმისთვის, რომ საკრებულოს უმრავლესობამ გადააყენოს დავით ნარმანია“, - აღნიშნა ელისაშვილმა.
საკრებულოში თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს ამ წუთებშიც განიხილავენ. პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობას შენიშვნები აქვს, თუმცა თბილისის მერის იმპიჩმენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.
მასალის გამოყენების პირობები






